A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ლა ლე ლი ლო ლუ
ლეგ ლეი ლელ ლემ ლენ ლეს ლეტ ლექ ლეჩ

ლეგენდა

ზღაპრული ხასიათის მოკლე მხატვრული გადმოცემა, რომელიმე ისტორიული პირის ან რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ.

სახელწოდება „ლეგენდა” რელიგიური წარმოშობისაა. „ლეგენდა” ლათინურად ნიშნავს საკითხავს ან წასაკითხს, ე.ი. იმას , რაც ქრისტიანული ეკლესიის ხელმძღვანელთა მითითებით უნდა წაკითხულიყო ღვთისმსახურების დროს.

თვით ლეგენდარული გადმოცემები კი უფრო ადრე გვხვდება სხვადასხვა ქვეყანაში.

აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრცელებული იყო ლეგენდა ბუდას შესახებ და სხვ.

ეკლესია ცდილობდა ლეგენდა გამოეყენებინა რელიგიური აგიტაციის მიზნით. XIX საუკუნისა და ჩვენი დროის ლიტერატურამ კი მას ახალი დანიშნულება მისცა.

ილია ჭავჭავაძემ რელიგიური წარმოშობის ლეგენდა „განდეგილის” ანტირელიგიური შინაარსის პოემის შესაქმნელად გამოიყენა.

ანტიკურ საბერძნეთში ცნობილი იყო ლეგენდა ჰერკულესის შესახებ, ლეგენდა დედალოსისა და იკაროსის შესახებ და სხვ.

დედალოსმა ბუმბულისა და სანთლისაგან ფრთები გააკეთა და კრეტადან თავის შვილ იკაროსთან ერთად კუნძულ სიცილიისაკენ გაფრინდა.

იკაროსმა მეტისმეტად მაღლა დაიწყო ფრენა, მზეს მიუახლოვდა, მზის სხივებმა სანთელი დაადნო და იკაროსი ზღვაში დაიღუპა.

ისტორიულ ეპოქაში შეიქმნა ლეგენდები სხვადასხვა ისტორიული პიროვნების შესახებ, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილების წარმოშობის შესახებ. მაგ. ცნობილი ლეგენდა ალექსანდრე მაკედონელზე.

ე. ნინოშვილი „პალიასტომის ტბაში” მოგვითხრობს ლეგენდას პალიასტომის ტბის წარმოშობაზე, „სურამის ციხე” დაწერილია ცნობილი ლეგენდის საფუძველზე.

ა. წერეთელმა ლეგენდის საფუძველზე შექმნა მოთხრობა ”გოგია მეჩონგურე”:

„იმისთანა ბნელი ღამე იყო, რომ კაცს თვალთან მიტანილი თითის დანახვაც კი არ შეეძლო, მაგრამ მაგივრად ფეხის ხმა არ გამოეპარებოდა იმ მიწყნარებულ არემარეში.

ამ დროს, თითქოს ჯადოქარს მოეტანოს, რაღაცამ გაიწკრიალა ჰაერში და თანაც მოისმა ჩონგურის საამური ხმა. ისეთნაირად ქვითინებდა სიმები, თითქოს ქვეყნის ტანჯვა უნდოდათ ნემსის კუნწში გაეძვრინათ, ისე დაედნოთო...

დიდხანს, დიდხანს გულსაკლავად წკრიალებდა სიმები უცნაური ძალით და ბოლოს კი სიმღერაც მოისმა კილო იმ სიმღერისა არა ჰგავდა არც „სალხინოსა” და არც „ზარის” ხმას; ის იყო გულგახეთქილის, რაღაც გულგამხეთქი საყვედურისა და წყევლა– კრულვის ერთად შეერთებული ხმა.

შეწყდა სიმღერა; მაგიერად იქვე მოისმა ერთიმეორეზე რაღაც ბუტბუტის , ამოოხვრისა და ხითხითის ხმები.

მთვარე ამოვიდა და შემდეგი სანახავი გამოჩნდა:

ერთი სახლის წინ იდგა ჩონგურით ხელში თავდახრილი გოგია მეჩონგურე და შესცქეროდა მოაჯირს, საიდანაც სამი ქალი იყო გადმომდგარი, ერთი მათგანი– მოხუცი– რაღაცას ბუტუნებდა, მეორე– მშვიდობიანი სახის ახალგაზრდა ქალი, ხვნეშოდა და მესამე– კოპწია ყმაწვილი ქალი კი იცინოდა. სამივესვე სხვადასხვაგვარად გულისთქმისა და სულის მოძრაობის მიზეზი იყო ერთი და იგივე. –ეგ არი რაღა, გვეთხოვები, აღარ იშლი? მიდიხარ, მაგრამ ოჯახს ვის უტოვებ? ჩემზე აღარას გეტყვი, დედა ვარ, მარა ეს და აღარ გებრალება? და ან ამ ახალგაზრდა ცოლის მოშორება როგორ არ გწყვეტს გულსა? ვის ხელში გვტოვებ და რას გვიპირებ?– უთხრა მოხუცებულმა ქალმა.

–დედი, უპასუხა გოგიამ მშვიდობიანად, ვისაც თავისი ვალი არ შეუსრულებია, იმას ნება არა აქვს არც ცოლის სიყვარულისა! სირცხვილია მამაკაცისათვის დედის კალთაში ქალაჩუნობით თავის ჩადება და კისერზე მოხვევა და ცოლის გვერდით ამოჯდომა საზოგადო გაჭირვების დროს.

აღარ შემიძლია მოვიცადო! მივეშურები იქით, საითკენაც ჩემი ვალი მომიწოდებს!.. სიკვდილი ან გამარჯვება! აი, ასე გადაწყვიტა ჩემმა გულმა! მივდივარ და თქვენ გიტოვებთ ამ ანდერძს: გიტოვებთ ამ ჩემ ჩონგურს, რომ გამოიღვიძოთ, სამივემ თითო– თითოჯერ დაუკარით ხოლმე ყოველდღე: თუ სიმები არ დასწყდეს, ცოცხალი მიგულვეთ, და თუ სიმები დაწყვეტილი ნახოთ, მაშინ კი შენდობა შემომითვალეთ,– ამ სიტყვების შემდეგ თვალცრემლიანი გოგია სამსავე გულში ჩაეკრა, გამოეთხოვა, გადაიწერა პირჯვარი და გზას გაეშურა.

გამწარებულმა დედამ გზა დაუწყევლა სიტყვიერად, თუმცა გულში კი სულ სხვასა გრძნობდა. დას, რაც გულში ჰქონდა, ის პირადადაც უთხრა: გზა დაულოცა და ცოლი მხოლოდ გაიბუტა, თვალთ ცრემლები მოიწმინდა.

იმ ღამეს დას ძილი არ გასტეხია, ცოლმაც მადიანად ამოუშვა ხვრინვა, მაგრამ მოხუცმა დედამ კი საწოლი ცრემლებით მორწყო! –რად დავწყევლე, მე უგუნურმაო?– ფიქრობდა– რომ გასჭრას ჩემმა წყევლამ? მაგრამ არა, არა! ტყუილად ხომ არ არის ნათქვამი, რომ დედის წყევლა შვილზე არ გადისო! დედა რომ პირით იწყევლება, მაშინ ძუძუები უარს ამბობენო! ჩემმა ძუძუებმაც უარი სთქვეს!... ღმერთო, ნუ უსმენ ჩემს ცოდვილ ენას!– პირჯვარს ისახავდა.

გათენდა თუ არა, დედა პირველი მიადგა თაროზე, ჩამოიღო ხელის კანკალით მაღლიდან ჩონგური და ანდერძისამებრ სიფრთხილით ჩამოჰკრა სიმებს და დაამღერა შემდეგი სიტყვები: „რა მოგშორდი შვილო, შემდეგ შავი ფიქრი გულს მიბურავს.

ვაჰ, თუ გშია, ან გწყურია, ან გცივა და არა გხურავს! ეგებ გდიხარ ბრძოლის ველზე, გულს გასვია მტრის ისარი და, რომ წყლული შეგიხვიოს, დედაშენი არსად არი! ვაჰ! თუ შენს ლამაზ თვალებს ყვავი კორტნის და ყორანი; და უნაგრით უპატრონოდ დაგხვიხვინებს თავს მერანი! ვაჰ, თუ შენსა ხუჭუჭ თმასა ჩიტი ბუდეს შიგ უფენდეს? მაშინ დედაშენიც ჩიტად გადაიქცეს, შენკენ ფრენდეს!” ეს რომ გაათავა, ჩონგური სიფრთხილით გადასცა თავის ქალს, გოგიას დას; იმანაც მოკრძალებით ჩამოართვა დედას ნაანდერძევი, აკოცა სიამით, წყნარად ჩამოჰკრა სიმებს და დაამღერა შემდეგი სიტყვები:

„... მე გოგია მისთვის მიყვარს, რომ ძმაა და მეგობარი; და მისთვის მსურს მისი ხილვა, მასთან ხშირი საუბარი, რომ თავიდან ფეხებამდე, ის მამულის შვილი არი, თვის მარჯვენას მისთვის ხმარობს და მისთვის ჟღერს მისი ქნარი; ღმერთო, მიეც გამარჯვება, განსაცდლისგან დაიხსენი, დაგვიბრუნე შინ მშვიდობით, გევედრები მონა შენი! და თუ მოკვდეს ბრძოლის ველზე, გაემსჭვალოს ისრით გული, მაშინ ჩიტად გადამქენი, მსურს, შევიქნე მე ბულბული; რომ მის საფლავს მარტოხელსა მე ვუსტვენდე გრძნობა–მტკბარი და იმ ხმასაც ყურს უგდებდნენ არემარე, მთა და ბარი. გაათავა თუ არა დამ უკანასკნელი სიტყვა, მივარდა გიჟივით რძალი, გოგიას ცოლი, გამოჰგლიჯა ხელიდან ჩონგური მულსა და რაც ძალ– ღონე ჰქონდა, ჩამოჰკრა სიმებს...

მეტისმეტი ბარტყუნით თითები ეტკინა და სიმები მაინც არ დასწყდა.

ამგვარად რამდენიმე თვეს უკრავდენენ რიგ– რიგად ქალები იმ ჩონგურს და სიმები კი მაინც ისევ მთლად იყო. ერთ დღეს, სადილად რომ სხდებოდნენ ქალები, სუფრაზე ხორცი მოიტანეს, თაროზე მწოლარ შავ კატას სუნი ეცა, გადმოხტა იქიდან, წამოედვა ჩონგურს, ძირს ჩამოაგდო და ლუკმა– ლუკმად დაამსხვრია. მოცვივდნენ ქალები და ნახეს, რომ სიმები ყველა დაწყვეტილიყო. დედა– შვილი შეშინდა, მაგრამ გულს მაინც არ იტეხდნენ:

–რა ვუყოთ,– ამბობდნენ– თავისით ხომ არ დაწყვეტილა სიმები? კატამ ჩამოაგდო უნებურადო! –არა, ბატონო! ცუდი ნიშანიაო, – იწვავდა ენას კოპწია ცოლი, – წუხელი ბუ მთელ ღამეს ყვიროდა ჩვენს ეზოში და დღეს ყორანმაც დაგვძახაო!... – რაღა ამის თქმა ეჭირვებოდათ?! დედა გაყვითლდა შიშით, დას ნაცრისფერი დაედვა და ცოლმა კი თავის ოთახისკენ გასწია, ჩაიცვა ჭრელი კაბა და თავის ვარცხნას მოჰყვა, ვითომ აქ არაფერი ამბავი არისო.

ამ დროს მართლა მოვიდა მთხრობელი, მოიტანა გოგიას სიკვდილის ამბავი და მისი ნიშანი.

იმის დანახვაზე გაყვითლებული დედა მოლაღურად გადაიქცა, და– ბულბულად და ცოლს კი დარჩებოდა ბურთი და მოედანი, რომ რაღაც ხმას არ დაეძახა: „ სადაც ის ორი, იქ შენც მესამეო!”. ამ ხმაზეც ცოლიც ოფოფად გადაიქცა და სავარცხელიც თავზე გარჭობილი შერჩა. იმ დღიდან აქომამდე მოლაღური მაღალ ხეებზე სამი ძაფით, საცეცხლურივით ჩამოკიდებს ხოლმე თავის ბუდეს, არწივს– ვითომც თავისი შვილის აკვანი იყოს და თანაც დასძახის ხოლმე : „ შვილო გოგია, შვილო გოგია!”– ბულბული, სადაც კი ნახავს ამოსულ ვარდს, ყოველგან გოგიას საფლავი ჰგონია და ათას ხმაზე დამღერის და უგალობს ძმის სულს, – ოფოფი კი უხეიროდ დაგოგავს მინდვრებზე და ეძებს გოგიას საფლავს, და ძებნაში ხან აქ და ხან იქ ჩაჰკრავს ხოლმე ნისკარტს მიწაში”.

იხ. აგრეთვე: ნოველა, საგა
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9