წინადადებაში სიტყვები ერთმანეთს უკავშირდება ენაში შემუშავებული წესების მიხედვით.
მაგ.: მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა.
ამ წინადადებაში ოთხი სიტყვაა და სამი სიტყვათა შეკავშირება:
1. მზემ სტყორცნა;
2. ფანჯარას სტყორცნა;
3. სხივი სტყორცნა.
„სტყორცნა“ ზმნაა, მასთან ერთი სახელი მოთხრობით ბრუნვაში დგას (მზემ), მეორე - მიცემითში (ფანჯარას), მესამე - სახელობითში (სხივი). მაშასადამე, სახელები ზმნასთან დაკავშირებული არიან გარკვეული წესების მიხედვით. ამასთანავე, ეს სიტყვები ერთმანეთს შეეფერება შინაარსითაც. შინაარსის მიხედვით შეუფერებელი იქნებოდა, რომ გვეთქვა: „ფანჯარამ მზეს სხივი სტყორცნა“, ან „ფანჯარამ სხივს მზე სტყორცნა“ და მისთ.