ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ უნივერსალურ და რეგიონულ საერთაშორისო ხელშეკრულებათა საფუძველზე შექმნილი ორგანოები და მექანიზმები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან კონტროლი გაუწიონ ამ ხელშეკრულებათა მონაწილე სახელმწიფოების მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებას (იხ.: საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ, კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, კონვენციები წამებისა და სასტიკი, არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის შესახებ).
გაეროს წესდების საფუძველზე შექმნილი მექანიზმებისაგან განსხვავებით (მაგ., გაეროს ორგანოები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში), ამ ორგანოებსა და პროცედურებს დამოუკიდებელი ხასიათი აქვთ: გაერო ან მისი რეგიონული ორგანიზაცია მათ მხოლოდ ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფენ: ორგანოების სესიები ტარდება გაეროს შტაბ-ბინაში (ნიუ-იორკი), მის ევროპულ განყოფილებაში (ჟენევა) ან რეგიონული ორგანიზაციის შტაბ-ბინაში (სტრასბურგი). ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები შექმილია აგრეთვე, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციაში, აფრიკის ერთიანობის ორგანიზაციაში, არაბული სახელმწიფოების ლიგაში.