ინგლ. Sexual Extortion of Children ბავშვების დაშინება/დაშანტაჟება მათი სექსუალური ხასიათის მასალების გავრცელებით, სექსუალური ან სხვა სახის სარგებლის მიღების მიზნით, გულისხმობს პირის შანტაჟს საკუთარი ფოტოების თანხმობის გარეშე გავრცელების გზით (მაგალითად, სოციალურ ქსელში ფოტოების გამოქვეყნება). მუქარა შეიძლება უკავშირდებოდეს სექსუალური სახის სარგებლის, ფულის ან სხვა სახის სარგებლის მიღებას. ხშირად, ბავშვებზე ნდობის მოპოვების მსურველთა გავლენა და ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მანიპულირება (ზოგჯერ რამდენიმე თვე) გადადის მუქარის, დაშინების და ზეწოლის აქტიურ ფაზაში, რადგან მან პირი ერთხელ უკვე დაარწმუნა გაეგზავნა მისთვის საკუთარი სექსუალური სახის ფოტოები. სექსუალური ხასიათის მასალების გავრცელებით, სექსუალური ან სხვა სახის სარგებლის მიღების მიზნით, დაშინება/დაშანტაჟება, განიხილება როგორც ვირტუალური წაქეზება, როგორც ბავშვებში, ასევე მოზარდებში და როგორც ჩანს, მსოფლიოში არსებობს ამ ტიპის შანტაჟის მზარდი ტენდენცია, მათ შორის ისეთი უკიდურესი ფორმებიც, როგორიცაა ძალადობა, სადიზმი და დამნაშავეთა მხრიდან დამამცირებელი მოთხოვნები. ბავშვების წინააღმდეგ განხორციელებული დაშინება/დაშანტაჟება მათი სექსუალური ხასიათის მასალების გავრცელებით, სექსუალური ან სხვა სახის სარგებლის მიღების მიზნით, მოიცავს პროცესს, რომლის დროსაც ბავშვებს ან ახალგაზრდებს მუდმივად აიძულებენ აწარმოონ სექსუალური ხასიათის მასალა ან/და ეუბნებიან შეასრულონ მტანჯველი ქმედებები იმ მუქარით, რომ გამოააშკარავებენ მასალას, სადაც ისინი არიან გამოსახულნი, ზოგიერთ შემთხვევაში, ამგვარი სიტუაცია იმდენად აღარ ექვემდებარება კონტროლს, რომ მსხვერპლმა შეიძლება თავი დაიზიანოს ან ჩაიდინოს თვითმკვლელობა, როგორც თავის დასაღწევი ერთადერთი საშუალება ამ სიტუაციიდან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლი აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას პირის (მათ შორის, არასრულწლოვანის) სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების მიზნით, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან ისეთი ცნობის გახმაურების მუქარისთვის, რომელმაც შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს პირს. თუ დანაშაული ჩადენილია წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აღნიშნული წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019