ბა ბი ბრ
ბავ

ბავშვის ექსპლუატაცია

ინგლ. Child Exploitation

ბავშვის ექსპლოატაცია ნიშნავს ქმედებას, რომელიც მოიცავს სულ მცირე, სხვების ექსპლოატაციას პროსტიტუციის მიზნით ან სექსუალური ექსპლოატაციის სხვა ფორმებს, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს სხვა პრაქტიკას, ყმობას ან ორგანოებით ვაჭრობას. ბავშვის ექსპლოატაციის ყველაზე გავრცელებული ფორმებია სექსუალური ექსპლოატაცია, ბავშვის შრომა, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენება, შეიარაღებულ კონფლიქტში გამოყენების მიზნით ბავშვის დაქირავება, დანაშაულებრივ ქმედებებში მისი ჩართვა, ბავშვის გაშვილება ან დაქორწინება, სამედიცინო ან სამეცნიერო მიზნებისთვის გამოყენება, როგორიცაა ნიჭიერი ბავშვების გამოყენება და მედიის მხრიდან მათი გამოყენება ან მათთან ცუდად მოპყრობა.

ბავშვის ექსპლოატაციის ყველა ფორმის საერთო ნიშანია ძალადობის მაღალი ხარისხი. ბავშვი ამ დროს არის განმეორებითი და მრავალჯერადი ცუდად მოპყრობის, ფიზიკური და ემოციური ძალადობის მხვერპლი. გარდა ამისა, იგი ხშირად არის მოტყუების, სიყალბისა და უგულებელყოფის მსხვერპლი.

მეორე საერთო ასპექტია ექსპლოატაციის კომერციული ბუნება. სხვა სახის ძალადობისგან ექსპლოატაციას სწორედ ის გამოარჩევს, რომ ამ შემთხვევაში ძალადობასა და მოგებას შორის პირდაპირი კავშირია. ექსპლოატაციის შედეგად მიღებელი სარგებელი შეიძლება ბავშვს ან მის უახლოეს გარემოსცვასაც, მაგალითად, მის ოჯახის წევრებს, შუამავალსა და დანაშაულებრივ ჯგუფს გადასცენ. ბავშვის ექსპლოატაციის ყველაზე მძიმე ფორმა მიუხედავად დანაშაულის მიზნისა, არის გაყიდვა და ტრეფიკინგი. ყველა ბავშვს აქვს ექსპლოატაციის ყველა ფორმისგან დაცვის უფლება. ამის მისაღწევად, სახელმწიფოებმა უპირველესად, სავალდებულოდ უნდა აღიარონ საერთაშორისო ხელშეკრულებები. სექსუალურ ექსპლოატაციასთან მიმართებით ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის დამატებითი ოქმი „ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ“.

1989 წლის „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 34-ე მუხლი მოიცავს სექსუალური ექსპლუატაციის და სექსუალური ცდუნების ყველა ფორმას:

ა)დაყოლიება ან იძულება ნებისმიერ უკანონო სექსუალურ საქმიანობაზე;

ბ)ექსპლუატაციის მიზნით, ბავშვის გამოყენება პროსტიტუციაში ან სხვა უკანონო სექსუალურ პრაქტიკაში;

გ) ექსპლუატაციის მიზნით ბავშვის გამოყენება პორნოგრაფიასა და პორნოგრაფიულ მასალებში.

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის დამატებითი ოქმის „ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ“ მე-3 მუხლი ავალდებულებს მონაწილე სახელმწიფოებს მოახდინონ ბავშვის სექსუალური ექსპლუატაციის კრიმინალიზაცია ეროვნული სისხლის სამართლის კანონმდებლობით.

„სექსუალური ექსპლოატაციისა და ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციაში (ლანზაროტეს კონვენცია, 18-23 მუხლები, 2007) ასახულია ბავშვის სექსუალური ექსპლუატაციის და ძალადობის ქმედებები. პრეამბულაში განმარტებულია ბავშვის სექსუალური ექსპლუატაცია, როგორც ბავშვთა პორნოგრაფია და პროსტიტუცია.

ბავშვთა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ევროკავშირის 2011 წლის დირექტივის 2011/93 მე-4 მუხლში განმარტებულია სექსუალური ექსპლუატაცია, რომელიც მოიცავს შემდეგ ქმედებებს: ბავშვის ჩართვა პორნოგრაფია/პროსტიტუციაში, ბავშვის ჩართვა სექსუალურ აქტივობაში, პროსტიტუციაში ჩაბმის მიზნით.

1999 წლის „ბავშვის უფლებათა და კეთილდღეობის შესახებ“ აფრიკული ქარტიის 27-ე მუხლი კრძალავს „სექსუალური ექსპლუატაციის და ძალადობის ყველა ფორმას“.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9