ბა ბი ბრ
ბავ

ბავშვებით ვაჭრობა

ინგლ. Sale of Children

1989 წლის „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 35-ე მუხლის თანახმად, „მონაწილე სახელმწიფოები ეროვნულ, ორმხივ და მრავალმხრივ დონეებზე ახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა აღკვეთონ ბავშვების მოტაცება, ბავშვებით ვაჭრობა ან მათი კონტრაბანდა ნებისმიერი მიზნით და ნებისმიერი ფორმით“. თუმცა, კონვენცია კონკრეტულად ამ ტერმინებს არ განსაზღვრავს.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1999 წლის №182-ე კონვენციის მესამე მუხლი ადგენს: „(ა) მონობის ან მონობის მსგავსი პრაქტიკის ყველა ფორმას, როგორიცაა მაგალითად, ბავშვების გაყიდვა და ბავშვებით ვაჭრობა, სავალო კაბალა და ბატონყმური დამოკიდებულება და აგრეთვე, იძულებითი ან სავალდებულო შრომა, მათ შორის, ბავშვების იძულებითი ან სავალდებულო დაქირავება შეიარაღებულ კონფლიქტებში მათ გამოყენების მიზნით“. თუმცა, აღნიშნული კონვენცია არ განსაზღვრავს ტერმინებს „ ბავშვებით ვაჭრობა და ტრეფიკინგი“.

2000 წელს მიღებული ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი ტერმინს - „ბავშვებით ვაჭრობა“, განსაზღვრავს შემდეგნაირად:

„ბავშვებით ვაჭრობა ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას ან გარიგებას, რომლის შედეგადაც, ბავშვი გადაეცემა ნებისმიერი პირის ან პირთა ჯგუფის მიერ სხვა პირს ან პირთა ჯგუფს ფულადი ან სხვა ანაზღაურების ფასად“, დამატებით, კონვენციის მე-3 მუხლი მოითხოვს მონაწილე სახელმწიფოებმა უზრუნველყონ შემდეგი ქმედებების სისხლის სამართლის წესით დასჯა: (ი) ნებისმიერი საშუალებით ბავშვის შეთავაზება, გადაცემა ან მიღება შემდეგი მიზნებისთვის: (ა) ბავშვის სექსუალური ექსპლოატაცია; (ბ) ბავშვის ორგანოების გადაცემა ანაზღაურების მისაღებად; (ც) ბავშვის გამოყენება იძულებით სამუშაოებზე; (იი) შვილად აყვანის შესახებ საერთაშორისოსამართლებრივი აქტების დარღვევით ბავშვის შვილად აყვანისთვის შუამავლის იძულებითი თანხმობის უკანონოდ მოპოვება“.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 1990/68 რეზოლუციის მიღებით, განსაზღვრა ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ სპეციალური მომხსენებლის დანიშვნის საკითხი. თუმცა რეზოლუცია არ განსაზღვრავს ტერმინს „ბავშვებით ვაჭრობა“.

„ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2005 წლის კონვენციის მიზნებისთვის, ბავშვი ნიშნავს თვრამეტ წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს და ტერმინი „ადამიანებით ვაჭრობა“ განსაზღვრავს ექსპლოატაციის მიზნით ბავშვის სამუშაოზე აყვანას, ტრანსპორტირებას, გადაცემას, თავშესაფრის მიცემას ან მიღებას.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9