„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია ზუსტად არ განასხვავებს ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობას, ბავშვის მიმართ სექსუალური ექსპლუატაციისგან. აღსანიშნავია, რომ სექსუალური ძალადობა ხორციელდება მოძალადის მიერ მხოლოდ სექსუალური დაკმაყოფილების მიზნით და არ არის მატერიალური გარიგების რაიმე ფორმა მაშინ, როდესაც სექსუალური ექსპლუატაციისას მეტწილად, არსებობს გარიგება. გარდა ამისა, ძალადობას ახორციელებს პირი, რომელიც უცხო არ არის ბავშვისთვის, რომელსაც აქვს გარკვეული ძალაუფლება ბავშვზე, მაგ., ოჯახის წევრი, ნათესავი, მასწავლებელი, მწვრთნელი. დამნაშავის ძალაუფლება შეიძლება გამოწვეული იყოს ნდობით ან დამოკიდებულებით ბავშვის სექსუალურ ქმედებებში ჩართვის მიზნით.
ძალადობაში (abuse) მოიაზრება ფართო ცნება, რომელიც ცდება მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას, განსაკუთრებით, როდესაც საქმე გვაქვს ბავშვებთან. მცირე ასაკის გამო ბავშვის თანხმობა არ არის მნიშვნელოვანი დანაშაულებრივი ბუნების განმარტებისას, რადგან სწორედ ასაკის გამო ბავშვმა შეიძლება არ მისცეს გააზრებული ინფორმირებული თანხმობა. შესაბამისად, ძალადობა (abuse) ხორციელდება, როგორც უშუალოდ ძალის გამოყენებით, ასევე ძალის გამოყენების გარეშე.
საბოლოოდ, ბავშვის მიმართ ძალადობა შეიძლება განხორციელდეს არამხოლოდ ფიზიკური კონტაქტით ბავშვსა და სრულწლოვან მოძალადეს შორის, არამედ კონტაქტის გარეშე, მაგ., ბავშვის სექსუალური შევიწროება, მათ შორის ვერბალური ფორმით; ვირტუალურ სამყაროში განხორციელებული ძალადობა.
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 34-ე მუხლი გამოყოფს „სექსუალური ექსპლუატაციის და ძალადობის ფორმას“: „ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები, კერძოდ, ორმხრივ და მრავალმხრივ ეროვნულ დონეებზე უზრუნველყოფენ გაატარონ ყველა აუცილებელი ზომა, რათა თავიდან აიცილონ:
ა)ბავშვის დაყოლიება ნებისმიერ უკანონო სექსუალურ ქმედებებზე ან ბავშვის იძულება, მონაწილეობდეს ასეთ ქმედებაში; ბ) ექსპლუატაციის მიზნით, ბავშვის გამოყენება პროსტიტუციაში ან სხვა უკანონო სექსუალურ პრაქტიკაში; გ) ექსპლუატაციის მიზნით ბავშვის გამოყენება პორნოგრაფიასა და პორნოგრაფიულ მასალებში“.
„სექსუალური ექსპლოატაციისა და ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია(ლანზაროტეს კონვენცია, 2007) გამოყოფს ორივე - „სექსუალურ ექსპლუატაციას“ და „სექსუალურ ძალადობას“. პრეამბულაში აღნიშნულია, რომ „ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია, კერძოდ, ბავშვთა პორნოგრაფია და პროსტიტუცია და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ყველა ფორმა, საზღვარგარეთ ჩადენილი აქტების ჩათვლით, დამღუპველად მოქმედებს ბავშვთა ჯანმრთელობასა და ფსიქო-სოციალურ განვითარებაზე“. კონვენციის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი განაგრძობს: „ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია და ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა მოიცავს წინამდებარე კონვენციის 18-23 მუხლებში მითითებულ ქმედებებს“. მე-18 მუხლი ყურადღებას ამახვილებს სექსუალური ძალადობის ფორმებზე: ა) სექსუალური ურთიერთობის დამყარება ბავშვთან, რომელსაც ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისი დებულების მიხედვით, ჯერ არ მიუღწევია სექსუალური ურთიერთობისთვის კანონით დადგენილი ასაკისთვის; ბ) სექსუალური ურთიერთობის დამყარება ბავშვთან თუ: აღნიშნული ხორციელდება იძულების, ძალის ან მუქარის გამოყენებით; ან ძალადობა ხორციელდება ბავშვის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, მათ შორის ოჯახში; ან ძალადობა ხორციელდება ბავშვის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, კერძოდ მისი გონებრივი შეზღუდვის ან ფიზიკური უუნარობის, ან დამოკიდებული მდგომარეობის გამო.
ბავშვთა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ევროკავშირის 2011 წლის დირექტივის 2011/93 მე-3 მუხლი მკაფიოდ განსაზღვრავს სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულის სახეებს და გამოყოფს სექსუალურ ქმედებებში ჩართვას ბავშვთან.
1999 წლის „ბავშვის უფლებათა და კეთილდღეობის შესახებ“ აფრიკული ქარტიის 27-ე მუხლი უთითებს „სექსუალური ექსპლუატაციის და ძალადობის ყველა ფორმას“.