ტერმინები: „მოძალადე“ და „დამნაშავე“ ყველაზე ხშირად გამოიყენება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სავარაუდო ჩამდენი პირების მიმართ. წამყვანი ლექსიკონების განმარტების მიხედვით, ტერმინი „მოძალადე“ ძირითადად, ნიშნავს პირს, რომელიც ჩადის ან უკვე ჩაიდინა დანაშაული. ტერმინს „დამნაშავე“ უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს და ეხება პირს, რომელიც ახორციელებს საშიშ, არაკანონიერ და ამორალურ ქმედებას აგრეთვე, პირს, რომელიც მსჯავრდებულია მსგავსი სახის დანაშაულის ჩადენისთვის.
ბავშვთან მიმართებით სექსუალურ ძალადობაში ჩართულ პირებთან დაკავშირებით ტერმინების განსაზღვრისას, მხედველობაშია მისაღები ორი გარემოება: (ა) პიროვნების როლი ბავშვების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენასა და ხელშეწყობაში; და (ბ) პიროვნების სტატუსი ბავშვზე სექსუალურ ძალადობასთნ დაკავშირებით შესაძლო სისხლის სამართლის პროცესში, ეროვნული კანონმდებლობის სპეციფიკის გათვალისწინებით.
პირველ გარემოებასთან დაკავშირებით, ბავშვზე სექსუალური ექსპლოატაციის კონტექსტში მოძალადესთან მიმართებით ხშირად გამოიყენება შემდეგი ტერმინები: (ა) „მომხმარებელი“ ან „დამკვეთი“ - პიროვნება, რომელიც ბავშვს იყენებს საკუთარი სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად (ექსპლოატაციის შემთხვევაში, თანხის ან მსგავსი დაპირების სანაცვლოდ), შუამავლის ჩართულობით ან მის გარეშე. ტერმინი „მოძალადე“ აგრეთვე, გამოიყენება „მომხმარებლთან/დამკვეთთან“ მიმართებით. „მოძალადე“ არის პირი, რომელიც სხვა პირზე ახორციელებს სექსუალური ხასიათის განსაკუთრებულ ძალადობრივ და ბოროტ ქმედებას, რეგულარულად ან განმეორებით. ტერმინში აგრეთვე, მოიაზრება პირი, რომელიც „სექსუალურად ძალადობს სხვაზე, განსაკუთრებით, ქალზე ან ბავშვზე“; (ბ) „ფასილიტატორები“ - ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებიც ახდენენ ბავშვზე სექსუალური ძალადობის ჩადენაში ხელშეწყობას ან დამნაშავეების დახმარებას (ხშირად მოიხსენიება როგორც შუამავალი). ბავშვების წინააღმდეგ სექსუალური ხასიათის დანაშაულებთან მიმართებით, აღნიშნული პირი შეიძლება იყოს „მოვაჭრე“, რომელიც ბავშვს ხდის სექსუალური ექსპლოატაციისთვის ხელმისაწვდომს; (გ) „ექსპლოატატორი“ - პირი, რომელიც იღებს მთავარ სარგებელს ან თანხას სექსუალური ექსპლოატაციისთვის. ლინგვისტურად, ტერმინი „ექსპლოატატორი“ ეხება პირს, რომელიც იყენებს სხვა პირებს ან საგნებს საკუთარი სარგებლის ან უპირატესობის მისაღებად.
უფრო მეტიც, ბავშვების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის განხორციელებისას, პირის ფუნქციამ შეიძლება მოიცვას მოსყიდვის, წაქეზების ან დანაშაულის ჩადენის მცდელობის ფორმები. თუმცა, უმეტესწილად, ხშირია ამ სხვადასხვა ცნებებს შორის გადაფარვა და რეალურად, სიტუაცია შეიძლება იყოს უფრო კომპლექსური იმის გათვალისწინებით, რომ ძნელია განვასხვაოთ სხვადასხვა აქტორები და ერთმა პირმა შესაძლებელია შესრულოს ერთზე მეტი ფუნქცია.
რაც შეეხება მეორე გარემოებას, ბავშვზე სექსუალურ ძალადობასთან მიმართებით, პირის ჩართულობიდან გამომდინარე ან ჩართულობის გარეშე, შეიძლება განისაზღვროს სამი საფეხური: (ა) „სავარაუდო მოძალადე“ ან „სავარაუდო დამნაშავე“ იმ პირთან მიმართებით, რომელსაც ბრალი ედება სექსუალურ ექსპლოატაციაში ან ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში, მაგრამ კანონმდებლობის თანახმად, მის მიმართ ნებისმიერი სახის სხვა დანაშაულისთვის არ დაწყებულა გამოძიება, არ მომხდარა მისი დაკავება, დაპატიმრება ან მსჯავრდება; (ბ) „ბრალდებული“ ან „მსჯავრდებული“ - პირი, რომლის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით ოფიციალურად ჩატარდა გამოძიება ან მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი; (გ) „მსჯავრდებული მოძალადე“ ან „მსჯავრდებული დამნაშავე“ - პირი, რომელიც პასუხისგებაში იქნა მიცემული და მსჯავრდებული ბავშვზე სექსუალური ექსპლოატაციის ან სექსუალური ძალადობის განხორციელებისთვის.
2000 წელს მიღებულ „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის დამატებით ოქმში გამოიყენება ტერმინი „სავარაუდო დამნაშავე“, რომელიც აღწერს ბავშვზე სექსუალური ექსპლოატაციის დანაშაულის ჩამდენ სავარაუდო პირს (მუხლი 4) და ტერმინი „დამნაშავე“ ეხება მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პირს (მუხლი 5 (5), ხოლო ტერმინი „ბრალდებული“ გამოიყენება სისხლისსამართლებრივი პროცედურების ფარგლებში პირის მიმართ (მუხლი 8 (6).
პალერმოს 2000 წლის პროტოკოლში ტერმინი „მოძალადე“ განიხილება სისხლის სამართლის პროცესების კონტექსტში (მუხლი 6 (2)(ბ)) და ტერმინი „დამნაშავე“ პირის დაკავებამდე ან გამოძიებამდე (მუხლი 10 (1) (ს).
2001 წლის ბუდაპეშტის კონვენციის 22-ე მუხლის მე-3 პარაგრაფი ეხება „სავარაუდო დამნაშავეს“, სადაც მოიაზრება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი, მათ შორის, ბავშვზე სექსუალური ექსპლოატაციის განმახორციელებელი პირი.
2007 წლის ლანზაროტეს კონვენცია „სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებული პირი“ და „დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირი“ კონვენციის მე-16 და 37-ე მუხლების მიხედვით, ეხება ბავშვზე სექსუალური ექსპლოატაციისთვის მსჯავრდებულ პირს. ტერმინი „დამნაშავე“ გამოიყენება ზოგადად, ბავშვზე სექსუალურ ექსპლოატაციაში ჩართულ ნებისმიერ პირთან მიმართებით (სისხლის სამართლის პროცესებში მათი მონაწილეობის მიუხედავად).
ევროკავშირის დირექტივაში 2011/93 მე-9 და მე-17 მუხლი ეხება ტერმინს - „მოძალადე“ და ჩამონათვალში „ბავშვზე მოძალადე“ და „სექსუალური მოძალადე“ (პარ. 25, 37, 43) მოიაზრება ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პირი ან მსგავსი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირი.
„გაეროს მსხვერპლ ბავშვებსა და დანაშაულის თვითმხილველებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების საკითხების შესახებ“ 2005 წლის სახელმძღვანელო დოკუმენტში გამოყენებულია სხვადასხვა ტერმინები: „სავარაუდო დამნაშავე“ (პარ. 31 (ბ), 24 (ა) და „სავარაუდო მოძალადე“ (პარ. 9 (ა), პირი, რომელიც არ არის მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენისთვის; „მსჯავრდებული“ (პარ. 8 (გ)) და „დამნაშავე“ (პარ. 20 (ბ) და 37)) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეზე და „მსჯავრდებული დამნაშავე“ (პარ. 7 (ზ) და 8 (გ)), პირი, რომელსაც მსჯავრი დაედო სისხლის სამართლის პროცესში. ინტერპოლი იყენებს ტერმინებს „სექსუალური მოძალადე“ და „პირი, რომელიც გადაადგილდება ბავშვზე სექსუალური ძალადობის განხორციელების მიზნით“. ევროპოლი იყენებს ტერმინს „ბავშვზე სექსუალური მოძალადე“.