ბა ბი ბრ
ბავ

ბავშვის მონაწილეობა

ინგლ. Child Participation
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-40 მუხლი სასამართლო პროცესში მშობლის და მზრუნველის მონაწილეობის გარდა, ადგენს ბავშვის უფლებას, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის კანონის დარღვევა, ეფექტურად მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესში. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის №10 ზოგადი კომენტარის (პარ. 46) თანახმად, ბავშვს აგრეთვე უნდა ესმოდეს მოსალოდნელი შედეგები და სასჯელის ზომა, რათა შეძლოს კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით ეჭვქვეშ დააყენოს მოწმეთა ჩვენებები, გადმოსცეს საქმის არსი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მტკიცებულებების, ჩვენებებისა და მის მიმართ გასატარებელი ზომის (ზომების) შესახებ. ბავშვის უფლება, მონაწილეობა მიიღოს პროცესში, მჭიდროდ უკავშირდება მის უფლებას, იყოს დაუყონებლივ და უშუალოდ ინფორმირებული მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების თაობაზე. პეკინის წესების მე-14 მუხლის მიხედვით, სასამართლო სხდომები უნდა ტარდებოდეს ისეთ გარემოში, რომელიც საშუალებას აძლევს ბავშვს, მიიღოს მონაწილეობა და ღიად გამოთქვას საკუთრი მოსაზრებები. ბავშვის ასაკისა და სიმწიფის გათვალისწინებით, ასევე, შესაძლოა საჭირო გახდეს სხდომის ჩატარება შესაბამისად მოდიფიცირებული მოსმენის პროცედურებისა და პრაქტიკის მიხედვით.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9