ბა ბი ბრ
ბავ

ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება

ინგლ. Child-Friendly Justice

გულისხმობს მართლმსაჯულების ისეთ სისტემას, რომელიც ქმნის ბავშვის უფლებათა ეფექტური განხორციელების გარანტიას ბავშვის უფლებათა დაცვის პრინციპების, ბავშვის ინდივიდუალური განვითარების და საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით. ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება ნიშნავს ისეთ მართლმსაჯულებას, რომელიც არის მისაწვდომი, ასაკთან შესაბამისი, სწრაფი, თანმიმდევრული, ბავშვის უფლებებსა და საჭიროებებზე მორგებული. ესაა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვას სამართლიანი სასამართლო პროცესის, სასამართლო პროცესში მონაწილეობის და ინფორმირების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პატივისა და ღირსების პატივისცემის შესახებ. გაეროს გენერალური მდივნის სახელმძღვანელო მითითების - გაეროს მიდგომა ბავშვთა მართლმსაჯულების საკითხებზე მიხედვით, ბავშვთა მართლმსაჯულების საკითხები მხედველობაშია მისაღები ეროვნული კანონმდებლობის გადახედვის, შემუშავების და განხორციელების პროცესში, კერძოდ, ბავშვთა საკითხების ინტეგრირება უნდა მოხდეს საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას, კანონმდებლობის შემუშავებისას; სამართალდამცავების, სასამართლოს წარმომადგენლების, დაკავების ადგილების პერსონალის, იურისტების, სოციალური მუშაკების და სხვა პროფესიონალების ეთიკის კოდექსების, სტანდარტების და სამსახურში მიღების კრიტერიუმების შედგენისას.

ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო მითითებები ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შესახებ განმარტავს, რომ კანონის უზენაესობის პრინციპი, გარანტირებული უნდა იყოს ბავშვებისთვის ისევე, როგორც ზრდასრულებისთვის, და არ უნდა შემცირდეს ან გაუქმდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების ქვეტექსტით. ეს ეხება როგორც სასამართლო, ასევე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას. სახელმწიფოები ვალდებულნი არიან შექმნან დამოუკიდებელი და ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმები ბავშვის ასაკისა და აღქმის დონის შესაბამისად. ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო მითითებები „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შესახებ“ ხაზგასმით აღნიშნავს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების ძირითად ელემენტებს, კერძოდ: ინფორმაცია და კონსულტაცია; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვა; უსაფრთხოება; პროფესიონალთა მომზადება; მულტიდისციპლინური მიდგომა; თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9