ევროპის კონვენციით ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ შექმნილი ორგანო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ამ კონვენციის მონაწილე სახლმწიფოების მიერ კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას. იგი მუდმივმოქმედი ორგანოა და შედგება მოსამართლეთა იმ რაოდენობისგან, სახელმწიფოთა რა რაოდენობაც არის კონვენციის ხელშემკვრელი მხარე. ევროპული სასამართლოს მოსამართლეებს ირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.
კონვენციის მონაწილე თითოეულ სახელმწიფოს უფლება ენიჭება, მიმართოს სასამართლოს კონვენციის სხვა მონაწილე სახელმწიფოს მიერ კონვენციის დებულებათა დარღვევის შესახებ (მუხ. 33).
ასევე, სასამართლო უფლებამოსილია, კერძო პირის, არასამთავრობო ორგანიზაციის ან პირთა ჯგუფებისაგან განსახილველად მიიღოს საჩივრები, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მათი უფლებების დარღვევის შესახებ (მუხ. 34); უფლებამოსილია, გამოიტანოს საკონსულტაციო დასკვნა კონვენციისა და მისი ოქმების განმარტების საკითხზე (მუხ. 48). სასამართლო განსახილველად იღებს მხოლოდ იმ საჩივრებს, რომლებიც აკმაყოფილებს კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს, საჩივარი მიუღებლად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ამა თუ იმ პირის, არასამთავრობო ორგანიზაციის ან პირთა ჯგუფის მიერ არ არის ამოწურული თავისი უფლებების დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები; ბ) ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საბოლოო გადაწყვეტილებიდან, სასამართლოში საჩივრის წარდგენამდე ექვს თვეზე მეტია გასული; გ) საჩივარი ანონიმურია; დ) იგი უკვე განხილულია ამ სასამართლოს ან სხვა საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოს მიერ; ე) შეუთავსებელია კონვენციის დებულებებთან; ვ) აშკარად დაუსაბუთებელია ან საჩივრის წარდგენის უფლების ბოროტად გამოყენებაა. აგრეთვე, სასამართლო განსახილველად არ მიიღებს ინდივიდუალურ საჩივარს, თუ ის მიიჩნევს, რომ მომჩივანს არ განუცდია მნიშვნელოვანი ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონვენციითა და მისი ოქმებით განსაზღვრული ადამიანის უფლებების დაცვა მოითხოვს ამგვარი საჩივრის არსებითი მხარის განხილვას და იმ პირობით, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლით ვერც ერთი ის საქმე ვერ იქნება უარყოფილი, რომელიც ეროვნული სასამართლოების მიერ სათნადოდ არ ყოფილა განხილული. თუ საჩივარი მისაღებად იქნა მიჩნეული, სასამართლო შეეცდება, რომ საქმით დაინტერესებულ მხარეებს შორის (მომჩივანი და სახელმწიფო) დავა მორიგებით გადაწყდეს (მუხ. 38); საქმის ამგვარად დამთავრების შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო ფინანსურ კომპენსაციას უხდის ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლს, ხოლო ამასთან დაკავშირებით, ზოგჯერ ცვლილებაც კი შეაქვს თავის კანონმდებლობაში. იმ შემთხვევაში, თუ საქმე მორიგებით არ გადაწყდა, სასამართლო განიხილავს საჩივარს და გამოაქვს საბოლოო გადაწყვეტილება. საჩივრების განსახილველად სასამართლოში შექმნილია სამი მოსამართლისგან შემდგარი კომიტეტები, შვიდი მოსამართლისაგან შემდგარი პალატები და ჩვიდმეტი მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა (მუხ. 27).
აღსანიშნავია, რომ ევროპული კონვენცია არ მოიცავს დებულებებს, რომლებიც ბავშვს სპეციფიკურად ახსენებს, გარდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტის (დ) ქვეპუნქტისა, რომელიც არასრულწლოვნის დაკავებას შეეხება და მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა, რომელიც დახურული სასამართლო პროცესის ჩატარების შესაძლებლობას ითვალისწინებს, როდესაც არასრულწლოვანთა ინტერესები ამას მოითხოვს. თუმცა, ევროპულმა სასამართლომ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც სწორედ ბავშვთა უფლებებს შეეხება. საქართველომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის რატიფიცირება 1999 წელს მოახდინა, ამავე წელს საქართველოდან არჩეულ იქნა სასამართლოს წევრი.