ბა ბი ბრ
ბავ

ბავშვის პირადი ცხოვრების უფლება

ინგლ. Child’s Right to Respect for Private Life

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონცეფცია უფლებების ფართო წრეს მოიცავს, როგორიც არის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემა, საცხოვრებელი გარემოს პატივისცემის, მიმოწერისა და პატივისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლება. „ბავშვის უფლებებისა და კეთილდღეობის შესახებ“ აფრიკული ქარტია პირდაპირ ადგენს, რომ „არც ერთი ბავშვი არ შეიძლება დაექვემდებაროს მის პირად ცხოვრებაში, ოჯახურ თუ საცხოვრებელ გარემოს ან მიმოწერაში თვითნებურ ან უკანონო ჩარევას, ან მის პატივსა ან რეპუტაციაზე თავდასხმებს, იმის გათვალისწინებით, რომ მშობლებს ან კანონიერ მეურვეებს ბავშვის ქმედებებზე გონივრული ზედამხედველობის განხორციელების უფლება უნდა ჰქონდეთ“.

1985 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული არასრულწლოვანთან მოპყრობის გაეროს სტანდარტული მინიმალური წესების (პეკინური წესების) მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი (ვიი) სახელმწიფოებს ბავშვის პირადი ცხოვრების დაცვის პატივისცემას საქმისწარმოების ყველა ეტაპზე ავალდებულებს. პეკინური წესების ზოგიერთი დებულება ასახულია ბავშვის უფლებათა კონვენციაში. დოკუმენტის მე-8 წესი ადგენს ბავშვების უფლებას, რომ საქმისწარმოების ყველა ეტაპზე, მათი პირადი ცხოვრების პატივისცემა უზრუნველყოფილი იყოს. მცირეწლოვანთა მიმართ საქმის წარმოებისას, მათი პირადი ცხოვრების დაცვის უფლება ასახულია მე-7 წესში. აღნიშნული წესი საქმისწარმოებისას ძირითად წესებს, მათ შორის, ბავშვის მიერ დუმილის შენარჩუნების უფლებას ადგენს. ამ უფლების ერთ-ერთი ასპექტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლის პირველ პუნქტშია ხაზგასმული. ამ ნორმის შესაბამისად, სასამართლოებსა და ტრიბუნალებში საქმისწარმოების ზოგ შემთხვევაში, საჯარო განხილვები გამოირიცხება და მცირეწლოვანთა მონაწილეობით წარმოებულ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებები საჯაროდ არ უნდა გამოცხადდეს. იმავე მუხლის მიხედვით, ეს პრინციპი საოჯახო დავების განხილვისას გამოიყენება, როდესაც სასამართლო ბავშვზე მეურვეობის ერთერთი მშობლისთვის დაკისრების საკითხს განიხილავს. ამგვარ შემთხვევებში, ერთადერთი გამონაკლისის დაშვებაა შესაძლებელი, თუ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად სხვაგვარი გადაწყვეტილებაა მიზანშეწონილი. დაცვის სხვა გარანტიებიც არსებობს, მაგალითად, როგორიც არის მოთხოვნა, რომ სახელმწიფოებმა იმგვარი ინფორმაციის გასაჯაროება არ დაუშვან, რაც შესაძლოა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა იდენტიფიცირებას გამოიწვევს. ამგვარი გარანტიის კიდევ ერთი მაგალითია ბავშვის უფლება, ინსტიტუციებსა ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში ყოფნისას, მისი მონაცემები საიდუმლოდ იყოს დაცული.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9