გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის №14 ზოგადი კომენტარის (ბავშვის უფლების შესახებ, მის საუკეთესო ინტერესს დაეთმოს უპირველესი ყურადღება) მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა ორი ნაბიჯისგან შედგება, რომლებიც უნდა გადაიდგას, როდესაც საჭიროა გადაწყვეტილების მიღება. „საუკეთესო ინტერესების შეფასება შედგება ცალკეული კონკრეტული ბავშვის ან ბავშვთა ჯგუფისათვის კონკრეტულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ყველა ელემენტის შეფასებისა და დაბალანსებისგან. იგი ხორციელდება გადაწყვეტილების მიმღები პირისა და მისი თანამშრომლების მიერ, თუ შესაძლებელია, მრავალდარგობრივი ჯგუფის მიერ და საჭიროებს ბავშვის მონაწილეობას“. საუკეთესო ინტერესების განსაზღვრა წარმოადგენს ოფიციალურ პროცესს მკაცრი საპროცესო გარანტიებით, რომელიც შექმნილია ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსასაზღვრად საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას, კონკრეტული ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, უნდა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:
(ა)პირველი, საქმის კონკრეტულ ფაქტობრივ კონტექსტში უნდა განისაზღვროს, თუ რომელია შესაბამისი ელემენტები საუკეთესო ინტერესების შეფასებისათვის, მიენიჭოს მათ კონკრეტული შინაარსი და პრიორიტეტი ერთმანეთთან მიმართებაში;
(ბ)მეორე, ამისათვის დაცული უნდა იყოს ისეთი პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივ გარანტიებსა და უფლების სათანადო გამოყენებას.№14 ზოგადი კომენტარი განმარტავს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას გასათვალისწინებელ შემდეგ ელემენტებს: ბავშვის მოსაზრებები, ბავშვის იდენტობა, ოჯახური გარემოსა და ურთიერთობების შენარჩუნება, ბავშვზე ზრუნვა, მისი დაცვა და უსაფრთხოება, დაუცველობა, ბავშვის უფლება - ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვით და ბავშვის განათლების უფლება.