აგ ად ავ აზ ათ ალ ამ ან არ ას ატ აუ აღ ახ
ადა ადი

ადამიანის უფლებათა კომიტეტი

ინგლ. Human Rights Committee
შექმნილია საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ (მუხ. 28) და არჩევა ხდება პაქტის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაზე. მისი მიზანია ზედამხედველობა გაუწიოს პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ პაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას. კომიტეტი შედგება 18 დამოუკიდებელი ექსპერტისგან, რომლებიც მიუკერძოებლად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. კომიტეტის წევრთა უფლებამოსილების ვადა 4 წელია. კომიტეტი თავისი ფუნქციების განსახორციელებლად მოქმედებს საგანგებოდ შემუშავებული პროცედურის წესების საფუძველზე. კომიტეტი მიიღებს და განიხილავს სახელმწიფოების პერიოდულ მოხსენებებს, მათ მიერ პაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების შესახებ (მუხ. 40); განიხილავს პაქტის მონაწილე სახელმწიფოების შეტყობინებებს, ამა თუ იმ სახელმწიფოს მიერ პაქტით დაკისრებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შესახებ (მუხ. 41), თუ ამ სახელმწიფოს აღიარებული აქვს ამ მუხლით დადგენილი წესი; სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის ფაკულტატური ოქმის თანახმად, მიიღებს და განიხილავს ინდივიდუალურ შეტყობინებებს პაქტის მონაწილე სახელმწიფოს იურისდიქციაში მყოფ პირთა მიმართ ამ სახელმწიფოს მიერ მათი უფლებების დარღვევის შესახებ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს პირველადი მოხსენება ადამიანის უფლებათა კომიტეტს წარედგინება ამ სახელმწიფოსთვის პაქტის ძალაში შესვლიდან, ერთი წლის ვადაში. შემდგომი მოხსენებები კომიტეტს წარედგინება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ. კომიტეტი განიხილავს სახელმწიფოთა მოხსენებებს, აგრეთვე, სახელმწიფო და ინდივიდუალურ შეტყობინებებს და იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც სარეკომენდაციო ხასიათისაა. კომიტეტი ჩატარებული მუშაობის შესახებ ყოველწლიურ მოხსენებას წარუდგენს გაეროს გენერალურ ასამბლეას.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9