ბა ბი ბრ
ბავ

ბავშვთა მონობის თანამედროვე ფორმები

ინგლ. Contemporary Forms of Slavery/Child Slavery

ბავშვთა სექსუალური ესპლუატაციისა და ძალადობის შემთხვევები ხშირად, კლასიფიცირდება მონობად და წარმოადგენს მონობასთან დაკავშირებული საერთაშორისო ნორმების დარღვევას, თუმცა მონობის ცნება საკმაოდ ფართოა და მოიცავს ბავშვთა და ზრდასრულ ადამიანთა წინააღმდეგ განხორციელებულ სხვადასხვა დარღვევას. გარდა ამისა, მონობა არ დაიყვანება მხოლოდ სექსუალურ ძალადობაზე და მოიცავს იძულებით შრომასა და ტრეფიკინგს სექსუალური ექსპლუატაცისაგან განსხვავებული მიზნებისთვისაც.

უკანასკნელ წლებში, იძულებითი შრომის, ტრეფიკინგისა და მონობის წინააღმდეგ აქტიურობა გაძლიერდა გლობალურ დონეზე. მოცემული ტერმინები ხშირად სინონიმებად გამოიყენება და გამოიკვეთა ტენდენცია, რომ რომელიმე მათგანი გამოყენებულია ე. წ. ქოლგა ტერმინად და ფარავს სამართლებრივი ტერმინების ფართო სპექტრს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მსგავსებები და გადაფარვები ბავშვთა ტრეფიკინგს, მონობის თანამედროვე ფორმებსა და ბავშვთა შრომის ყველაზე მძიმე ფორმების ცნებებს შორის, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღნიშნული ტერმინები არაა იდენტური მნიშვნელობის და მათი სამართლებრივი განმარტებები შეიცავს მნიშვნელოვან განსხვავებებს. მაგალითად, ბავშვი შესაძლოა დაიბადოს იძულებითი შრომის, მათ შორის, სექსუალური ექსპლუატაცის პირობებში, თუმცა ისე, რომ თავად არ იყოს ტრეფიკინგის მსხვერპლი. გარდა ამისა, ბავშვთა სექსუალური ესპლუატაცია და ძალადობა ხშირად ისეთი ფორმით ხდება, რომელიც არ შეიცავს მონობისა თუ იძულებითი შრომის ელემენტებს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სიტუაცია შესაძლოა ერთდროულად დაკვალიფიცირებული და დასჯადი იყოს, როგორც იძულებითი შრომა, ტრეფიკინგი ან მონობა, რაც გარკვეულ დაბნეულობას იწვევს ამ ტერმინთა განმარტებებისას.

მონობის ტრადიციული ფორმები მე-19 საუკუნიდანაა ცნობილი, თუმცა ტერმინმა „მონობა“ უკანასკნელ წლებში, სხვა შინაარსი შეიძინა. გავრცელდა ისეთი ტერმინები, როგორიცაა „მონობის თანამედროვე ფორმები“ და „თანამედროვე მონობა“. შესაბამისად, დღეს მონობას უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს და მოიცავს ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის ხვადასხვა ფორმებს.

ძირითადად, ლექსიკონები მონობას განმარტავს, როგორც „სამართლებრივად სხვის საკუთრებაში ყოფნას ან სისტემას, სადაც ზოგიერთი ადამიანი სხვა ადამიანის საკუთრებაა“ (კლასიკური განმარტება), თუმცა მონობა ასევე განმარტებულია, როგორც „შესაბამისი ანაზღაურებისა თუ დაფასების გარეშე მძიმე სამუშაოს შესრულება“, რაც შეიძლება მოიცავდეს არაფორმალურ სისტემასა თუ სიტუაციებს. თანამედროვე მონობის ძირითადი ფორმები სწორედ ამ მეორე განმარტებაში თავსდება და მიჩნეულია არალეგალურად, მიუხედავად არსებობისა.

რაც შეეხება თანამედროვე მონობის ისეთ ფორმებს, რომლებიც უკავშირდება ბავშვებს, „ბავშვთა მონობა“ განმატებულია როგორც ბავშვების ისეთ მძიმე სიტუაციაში ყოფნა, როგორიცაა სხვის სასარგებლოდ შრომა, ხშირად მუქარისა და ძალადობის გამოყენებით, მაგალითად, ბავშვების გამოყენება პროსტიტუციასა და პორნოგრაფიაში, იძულებითი მათხოვრობა, წვრილმანი ქურდობა, ბავშვთა იძულებითი შრომა ან შეიარაღებულ კონფლიქტებში ჩაბმა, ასევე, ოჯახში ბავშვთა შრომის გამოყენება.

სექსუალური მონობა არის მონობის სახე, სადაც ჩართულია როგორც ბავშვები, ისე ზრდასრული ადამიანები და მოიცავს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნებისთვის ბავშვებით ტრეფიკინგსა და ვაჭრობას. ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის „ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დასჯის შესახებ“ ოქმი (პალერმოს ოქმი) განსაზღვრავს, რომ ადამიანთა ტრეფიკინგი სწორედ ექსპლუატაციის, მონობის ან მონობის მსგავსი მოპყრობის მიზნებს ემსახურება, ხოლო სპეციალური წარმომადგენელი ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგზე უსვამს ხაზს, რომ „ტრეფიკინგი წარმოადგენს ადამიანის რამდენიმე უფლების მძიმე დარღვევას, განსაკუთრებით თავისუფლების, მონობისაგან და იძულებითი შრომისაგან თავისუფლების უფლებებს“.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ხშირად იყენებენ ტერმინს „თანამედროვე მონობა“, რაც სწორედ ტრეფიკინგს გულისხმობს. 2015 წელს, დიდმა ბრიტანეთმა მიიღო თანამედროვე მონობის აქტი იმ მიზნით, რომ „შემოიღო მონობასთან, მსახურებასთან, იძულებით და სავალდებულო შრომასთან და ადამიანთა ტრეფიკინგთან დაკავშირებული ნორმა - დააწესოს მონობის წინააღმდეგ დამოუკიდებელი კომისრის მანდატი; ასევე მონობის აკრძალვასთან დაკავშირებული სხვა მიზნებისათვის“. თანამედროვე მონობის აქტი შეიცავს კონკრეტულ ნორმას ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციაზეც.

ბავშვთა ქორწინება შესაძლოა ასევე, განხილული იყოს, როგორც მონობა ან მონობის მსგავსი მოპყრობა. დაქორწინებული ბავშვები ხშირად არიან იმ ხარისხის ტანჯვის, იძულებისა და კონტროლის მსხვერპლნი, რაც თავსდება მონობისა და მონობის მსგავსი მოპყრობის საერთაშორისო განმარტებებში.

1926 წლის „იძულებითი შრომის გაუქმების შესახებ’ კონვენციის თანახმად, „მონობა არის იმ პირის სტატუსი ან პირობები, რომელზეც საკუთრების რომელიმე ან ყველა უფლება ვრცელდება. მონებით ვაჭრობა მოიცავს ისეთ მოქმედებებს, როგორიცაა პირის შეპყრობა, დაუფლება ან განკარგვა, მონობაში მისი ჩართვის მიზნით; პირის დაუფლებისათვის განხორციელებული ყველა მოქმედება მისი გაყიდვის ან გაცვლის მიზნით; ყიდვის ან გაცვლის გზით მოპოვებული პირის განკარგვა გაყიდვის ან გაცვლის გზით და ზოგადად, მონებით ვაჭრობასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ყველა მოქმედება“.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცის კონვენციებისა და რეკომენდაციების გამოყენების შესახებ ექსპერტთა კომიტეტი მონობისა და მონობის მსგავს მოპყრობასთან დაკავშირებით იყენებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №29 კონვენციას იძულებითი შრომის შესახებ, თუმცა ეს კონვენცია არ შეიცავს მონობის, როგორც ტერმინის განმარტებას. კონვენციის თანახმად, იძულებითი შრომის (მუხლი 2) განმარტება - „ნებისმიერი სამუშაო ან სამსახური, რომლის შესრულებაც პირს ევალება სასჯელის მუქარით და რომელსაც აღნიშნული პირი არ დასთანხმებია საკუთარი სურვილით“ ვრცელდება მონობასა და მონობის მსგავს ექსპლუატაციაზე.

1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-4 მუხლი შეიცავს მონობის აკრძალვას: „არავინ შეიძლება იმყოფებოდეს მონობაში ან ყმობაში. ყველა სახის მონობა და მონათვაჭრობა აკრძალულია“.

1956 წლის მონობის, მონობით ვაჭრობასა და მონობის მსგავსი მოპყრობის აკრძალვის შესახებ დამატებითი კონვენცია მონობასა და მონობის მსგავს მოპყრობას განმარტავს, როგორც:

„ა) ვალის კაბალას (ვალის ანაზღაურებას იძულებითი შრომის გზით) [...]

ბ) ბატონყმობას [...]

გ) ნებისმიერი სახის მოპყრობას, რომელიც მოიცავს: 1. ქალის დაქორწინებას მისი თანხმობის გარეშე, მისი მშობლების, მეურვის, ოჯახის, სხვა პირისა თუ ჯგუფისათვის ფულადი ან არაფულადი სიკეთის გადახდის სანაცვლოდ; 2. ქალის ქმრის, ოჯახის თუ გვარის უფლებას გადასცენ სხვა პირს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ან სხვაგვარად; 3. ქმრის გარდაცვალების შემთხვევაში, ქალის სამემკვიდრეო წესით გადაცემას სხვა პირზე;

დ) ისეთ მოპყრობას, როცა ბავშვს ან 18 წელს მიუღწეველ პირს მისი ბიოლოგიური მშობლები ან მეურვე გადასცემენ სხვა პირს, ბავშვის ან პირის ექსლუატაციის მიზნით, მიუხედავად იმისა, ანაზღაურდება თუ არა ბავშვის შრომა“.

1999 წლის №182 კონვენციის მე-3 მუხლი განმარტავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ბავშვთა შრომის ყველაზე მძიმე ფორმებს, ბავშვთა მონობის ყველაზე მძიმე შემთხვევებს და მოიცავს: „ა) მონობასა და მონობის მსგავს ნებისმიერ მოპყრობას, როგორიცაა ბავშვებით ვაჭრობა და ტრეფიკინგი, ვალის კაბალა (ვალის ანაზღაურება იძულებითი შრომის გზით), ბატონყმობა და იძულებითი და სავალდებულო შრომა, რაც თავის მხრივ, მოიცავს შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა იძულებით და სავალდებულო ჩართვას“.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9