ბა ბი ბრ
ბავ

ბავშვთა ნაადრევი ქორწინება

ინგლ. Child Early Marriage

ბავშვთა ქორწინება და ნაადრევი ქორწინება არ არის პირდაპირ განსაზღვრული საერთაშორისო სამართლის ინსტრუმენტებში, თუმცა, ხშირად გამოიყენება „რბილ“ სამართალში, სადაც ორივე ტერმინი სინონიმებად ან ერთმანეთთან კავშირში მოიხსენიება.

ბავშვთა ქორწინებაში სულ მცირე, ერთი მხარე უნდა იყოს ბავშვი. ხშირად, ტერმინი მოიცავს ქორწინებას ბავშვებზე მეტწილად, არასრულწლოვან გოგონებზე თანხმობის ან თანხმობის არარსებობის პირობებში. იმის გამო, რომ დადგენილი არ არის ნაადრევი ქორწინების უნივერსალური იურიდიული განმარტება, არც ბავშვის საყოველთაოდ აღიარებული ცნება და ზღვრული ასაკი, რომლის მიღწევის დროიდან შეიძლება ქორწინებაში შესვლა, 18 წლამდე პირები შეიძლება მოხვდნენ ამ განსაზღვრების მიღმა, ეროვნული კანომდებლობით ქმედუნარიანობის შეძენის შემთხვევაში. გარდა ამისა, რამდენიმე ქვეყანაში 16-17 წლის პირებს შეუძლიათ დაქორწინდნენ მშობლების ან/და სახელმწიფოს თანხმობის შემთხვევაში. ბავშვის უფლებათა კომიტეტი მოზარდთა ჯანმრთელობის და განვითარების საკითხებში მოუწოდებს ქვეყნებს დაადგინონ ქორწინების მინიმალური ასაკი - 18 წელი, მშობლების თანხმობის ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში. გაეროს ბავშვთა ფონდის თანახმად, ნაადრევი ქორწინება მოიცავს არამხოლოდ 18 წლამდე პირის ფორმალურ ქორწინებას, არამედ არაფორმალურსაც.

„ნაადრევი ქორწინება“ შეიძლება განსხვავდებოდეს „ბავშვთა ქორწინებისგან“ რიგი ქვეყნების კანონმდებლობაში, როდესაც 18 წელს გადაცილებული პირი ჯერ კიდევ, არ ითვლება სრული ქმედუნარიანობის მქონედ. შესაბამისად, „ნაადრევი ქორწინება“ გაცილებით ფართო სპექტრს მოიცავს, ვიდრე „ბავშვთა ქორწინება“.

„ქორწინებაზე თანხმობის, მინიმალური ასაკისა და ქორწინების რეგისტრაციის შესახებ“ 1962 წლის გაეროს კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას განსაზღვრონ ქორწინების მინიმალური ასაკი.„ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ 1979 წლის გაეროს კონვენციის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს ბავშვის ნიშნობას და ქორწინებას.

„ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის კონვენცია (CRC) არ მიუთითებს ქორწინების უფლების წარმოშობის კონკრეტულ ასაკს, თუმცა, აღნიშნავს, რომ მონაწილე სახელმწიფოები ატარებენ ყოვლისმომცველ ეფექტიან და აუცილებელ ზომებს იმ ტრადიციული პრაქტიკის აღმოფხვრისათვის, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ბავშვთა ჯანმრთელობაზე.

1999 წლის „ბავშვის უფლებათა და კეთილდღეობის შესახებ“ აფრიკული ქარტია (Aჩღჭჩ) არის ერთადერთი ხელშეკრულება, რომელიც პირდაპირ მოითხოვს მონაწილე სახელმწიფოებისგან დააწესონ 18 წელი მინიმალურ ასაკად, მეუღლეებისთვის (ქარტიის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი).საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1108-ე მუხლი).

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9