ბა ბი ბრ
ბავ

ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვა

ინგლ. Protection of children’s personal data
ევროპის მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო პრინციპები ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების თაობაზე (პარ. 8 და 57) განმარტავს, რომ სახელმწიფოს კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს სასამართლო ან სხვა სახის პროცესებში მონაწილე ბავშვთა პირადი ცხოვრების და პერსონალური მონაცემების დაცვა. კანონით უნდა იყოს გარანტირებული, რომ ბავშვთან დაკავშირებული ინფორმაცია ან პირადი მონაცემები არ იქნება ხელმისაწვდომი ან გამოქვეყნებული განსაკუთრებით, მედიით. ამ ინფორმაციაში იგულისხმება ისეთი მონაცემი, რომელსაც შეუძლია გაამჟღავნოს ან არაპირდაპირ მიუთითოს ბავშვის ვინაობაზე, როგორიცაა გამოსახულება, ბავშვის ან ბავშვის ოჯახის დეტალური აღწერა, სახელები ან მისამართები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, ა. შ. მედიის მიერ ბავშვთა საკითხების გაშუქება უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით ან მედიის თვითრეგულირების მექანიზმით. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბავშვების პირად მონაცემთა შემცველ დოკუმენტებზე ან ჩანაწერებზე დაშვების შეზღუდვა. განსაკუთრებით ისეთი მონაცემები, რომლებიც უკავშირდება მაგალითად, დისციპლინურ ღონისძიებას ანტისოციალური ქცევისთვის, ძალადობის შემთხვევას, სამედიცინო ჩარევას, სპეციალურ განათლებას შშმ ბავშვისთვის ან ღარიბ ოჯახთა სოციალური დახმარების პროგრამაში მონაწილეობას. თუ პირადი და სენსიტიური მონაცემების გადაცემა აუცილებელია, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ეს უნდა მოხდეს შესაბამისი მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის მიხედვით. ბავშვებთან მომუშავე ყველა პროფესიონალი შებოჭილი უნდა იყოს კონფიდენციალობის დაცვის მკაცრი წესებით, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა ბავშვის დაზიანების რისკს ქმნის (მაგალითად, ესაა ბავშვის მოტაცების შემთხვევა, როდესაც ფაქტზე ინფორმაციის გავრცელებამ შეიძლება ხელი შეუწყოს მის პოვნას).
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9