„ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ“ დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის თანახმად, ბავშვის პორნოგრაფია არის „ნამდვილ ან იმიტირებულ, აშკარად სექსუალურ ქმედებაში მონაწილე ბავშვის ნებისმიერი ფორმით გამოჩენა ან ბავშვის ინტიმური ნაწილების გამოჩენა უმთავრესად სექსუალური მიზნებისთვის“. მე-3 მუხლის შესაბამისად, „მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა დააწესონ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ბავშვთა პორნოგრაფიის წარმოებისთვის, დისტრიბუციისთვის, გავრცელებისთვის, იმპორტისთვის, ექსპორტისთვის, შეთავაზებისთვის, გაყიდვის ან ფლობისთვის“. პორნოგრაფია შეიძლება განხორციელდეს ცოცხალი წარმოდგენის, ფოტოს, ფილმის, ვიდეო ჩანაწერებისა და ციფრული სურათების ჩაწერით ან გადაცემით. სიტყვა იმიტირებული ნიშნავს, რომ ბავშვის პორნოგრაფიული იმიჯის შექმნისას, გავრცელებისას და ა.შ. სინამდვილეში არ არის გამოყენებული ბავშვი, თუმცა მაინც დანაშაულია, ვინაიდან ბავშვს წარმოაჩენენ სექსუალური მიზნებისთვის ექსპლოატირებულ პირად.
2001 წლის ბუდაპეშტის კონვენცია შეიცავს ბავშვთა პორნოგრაფიის ცნებას: ვიზუალურად ასახული მასალა, არასრულწლოვანი ჩართული სექსუალურად აღმგზნებ ქმედებაში.
2007 წლის ლანზაროტეს კონვენციის მე20 მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს ბავშვის პორნოგრაფიას: ნებისმიერ მასალას, რომელიც ვიზუალურად ასახავს ბავშვის მონაწილეობას რეალურ ან დადგმულ სექსუალურად აღმგზნებ ქმედებაში ან ბავშვის სასქესო ორგანოს ნებისმიერ გამოსახულებას უპირატესად, სექსუალური ვნების დაკმაყოფილების მიზნით. ლანზაროტეს კონვენციის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტი კრძალავს ბავშვის პორნოგრაფიის წარმოებას; ბავშვის პორნოგრაფიის შეთავაზებას ან მის ხელმისაწვდომობაში დახმარებას; ბავშვის პორნოგრაფიის გავრცელებას ან გადაცემას; ბავშვის პორნოგრაფიის წარმოებას როგორც საკუთარი, ისე სხვისი სარგებლობის მიზნით; ბავშვის პორნოგრაფიის ამსახველი მასალების ფლობას; ბავშვის პორნოგრაფიის მასალების შეგნებულად მოპოვებას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით.
2011 წლის ევროკავშირის 2011/93 დირექტივის მე-2 მუხლის თანახმად: პორნოგრაფიას წარმოადგენს (ი) ნებისმიერი მასალა, რომელიც ვიზუალურად ასახავს ბავშვის მონაწილეობას რეალურ ან დადგმულ სექსუალურად აღმგზნებ ქმედებაში; (იი) ბავშვის სასქესო ორგანოს ნებისმიერ გამოსახულებას უპირატესად, სექსუალური ვნების დაკმაყოფილების მიზნით; (იიი) ნებისმიერ მასალას, რომელიც ვიზუალურად ასახავს პირს, რომელსაც თავი მოაქვს ბავშვად, მონაწილეობს რეალურ ან დადგმულ სექსუალურად აღმგზნებ ქმედებაში ან პირს, რომელსაც თავი მოაქვს ბავშვად, სასქესო ორგანოს ნებისმიერ გამოსახულებას, უპირატესად სექსუალური ვნების დაკმაყოფილების მიზნით; (ივ) ან სექსუალურად აღმგზნებ ქმედებაში მონაწილე ბავშვის რეალისტური გამოსახულება ან ორგანოს ნებისმიერ გამოსახულებას უპირატესად, სექსუალური ვნების დაკმაყოფილების მიზნით მონაწილე ბავშვის რეალისტური გამოსახულება.