„ბავშვთა პორნოგრაფია“ მოიცავს ბავშვების სურათებს, სადაც ისინი პოზირებენ ნახევრადშიშველ ან შიშველ მდგომარეობაში, სადაც აქცენტი კეთდება ბავშვის სექსუალურობაზე და ზოგჯერ, მას „პოზირებულ სურათებს“ უწოდებენ. ეს პრაქტიკა გვხვდება სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ბავშვის პორნოგრაფიასთან დაკავშირებით კანონი არ არეგულირებს ან ცალსახად არ არეგულირებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ბავშვის სურათების გავრცელებისათვის, როდესაც ბავშვი გამოსახულია მიუღებელ პოზაში და აქცენტი კეთდება ბავშვის შიშველი სხეულის სექსუალურ ნაწილებზე (მაგალითად, გენიტალიები დაფარულია ტანსაცმლის გარკვეული ფორმებით). ვინაიდან, ამგვარი სახის სურათების გავრცელება ყველგან არალეგალური არ არის, ისინი შესაძლოა საკმაოდ თავისუფლად გავრცელდეს და დაარწმუნოს გარკვეული პირები, რომ ბავშვის სექსუალიზაცია ნორმალურია. მსგავსი სახის სურათები ასევე, შეიძლება გავრცელდეს ვირტუალური საშუალებებით, პირთა იმ წრეში, რომლებსაც ბავშვების მიმართ სექსუალური ინტერესი აქვთ და ეროვნულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, ამგვარ ცირკულაციას შედეგად შეიძლება არ მოჰყვეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. არა ერთი გამოძიებისა თუ სასამართლო განხილვის ეტაპზე, ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციასთან დაკავშირებით დამტკიცდა, რომ ვებგვერდები, სადაც ქვეყნდება ბავშვთა პორნოგრაფია, ზოგჯერ გამოყენებულია როგორც პირველი ნაბიჯი და შეიძლება ხელს აფარებდეს ბავშვთა ექსპლუატაციას ან გამოყენებული იყოს სექსუალური ხასიათის მიზნების მისაღწევად, ბავშვის ნდობის მოპოვების პროცესში.
მიუხედავად იმისა, ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებს თუ არა ეროტიკული შინაარსის ბავშვის სურათებისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ამგვარ ქმედებას, პრაქტიკაში, ხშირად ახლავს ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, როდესაც ეს სურათები წარმოდგენილია ონლაინსივრცეში. პოზირება როგორც ასეთი, შეიძლება არ იყოს კრიმინალიზებული, მაგრამ სურათების გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი დარღვევა (ან მოგვიანებით, მოზარდი პირის).
სექსუალური ხასიათის სურათები არ არის აუცილებელი, რომ წარმოადგენდნენ ბავშვთა მიმართ ძალადობას. ასეთი გამოსახულებები შეიძლება იყოს, მაგალითად, პატარა ბავშვის ოჯახური სურათი საცურაო კოსტიუმში ან დედის მაღალქუსლიან ფეხსაცმელში. სექსუალიზაცია არ არის ყოველთვის ობიექტური კრიტერიუმი და ასეთი სიტუაციის უმნიშვნელოვანესი ელემენტია პირის განზრახვა, მოახდინოს ბავშვის სექსუალიზაცია სურათის მეშვეობით ან გამოიყენოს სურათი სექსუალური მიზნებისთვის (მაგალითად, პირის სექსუალური აღგზნება ან დაკმაყოფილება). ცალკე შეფასების საგანია, თუ რა ხდება სურათების გაზიარების შემდეგ (ხშირ შემთხვევაში, ვირტუალურ სამყაროში), მოხდა თუ არა ამგვარი სურათების პორნოგრაფიულ ვებგვერდებზე მრავალჯერადი გამოქვეყნება თუ ხელმისაწვდომი გახდა ინტერნეტის ვებგვერდების ან ფორუმების მეშვეობით, მხოლოდ იმ პირთათვის, ვისაც ბავშვებთან მიმართებით სექსუალური ინტერესი აქვთ. ასეთი ბრუნვა იწვევს პირადი ცხოვრების მნიშვნელოვან დარღვევას და განხილული უნდა იყოს როგორც დანაშაული, მიუხედავად იმისა, გამოსახულება პორნოგრაფიულია თუ არა. უფრო მეტიც, სურათის გავრცელება სექსუალური მიზნებისთვის, შეიძლება წარმოადგენდეს ბავშვთა პორნოგრაფიით დაკვალიფიცირებულ დანაშაულს და სურათზე გამოსახული პირი შეიძლება იყოს მსხვერპლი.