ბავშვის შრომა ყოველთვის არ წარმოადგენს ექსპლოატაციას. ეს უკანასკნელი გხვდება მაშინ, როდესაც ბავშვს უწევს შრომა უკიდურესად მძიმე პირობებში: შესრულებული სამუშაოსთვის მინიმალური ხელფასით ან ანაზღაურების გარეშე შრომა, შრომითი დღის გადამეტებული ხანგრძლივობა ან არაჯანსაღი სამუშაო პირობები, როგორიცაა სახიფათო მოწყობილობის მართვა ან ქიმიური ნივთიერების გამოყენება. ვინაიდან უფროსებთან შედარებით, ბავშვებს ნაკლები გამძლეობა აქვთ, ისინი განსაკუთრებულად მოწყვლადები არიან შრომით ექსპლოატაციასთან მიმართებით. ექსპლოატაციის დონე მომუშავე ბავშვებთან მიმართებით, განსხვავებულია და იგი დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, ჯანმრთელობაზე, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რეგიონის ტექნოლოგიური განვითარების დონესა და ბავშვზე ზრუნვის ზოგად ცოდნაზე. ამ მხრივ აღსანიშნავია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის C138 კონვენცია, R146 რეკომენდაცია მინიმალური ასაკის შესახებ, განსაზღვრავს თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, რათა 18 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდა ადამიანების კანონიერი დასაქმების პირობები ყოველთვის დამაკმაყოფილებელ დონეზე იყოს შენარჩუნებული. კერძოდ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგი სამუშაო პირობების დაცვას: სამართლიან ანაზღაურებას, ზეგანაკვეთური სამუშაოს აკრძალვას, სულ მცირე, 12 საათის დასვენების შესაძლებლობას და მუდმივ დასვენების დღეებს კვირის განმავლობაში; ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებას სულ მცირ, 4 კვირით, განათლების მიღებისთვის საკმარისი დროის შესაძლებლობას. აღნიშნული კონვენცია განმარტავს მსუბუქ სამუშაოს~, როგორც სამუშაოს, რომელიც სავარაუდოდ, არ წარმოადგენს ახალგაზრდა ადამიანების ჯანმრთელობისთვის ან განვითარებისთვის საზიანოს და საქმიანობას, რომელიც „ხელს შეუშლის“ სკოლაში სიარულს, პროფესიული განათლების პროგრამებში მონაწილეობას ან მიღებული განათლებიდან სარგებლის მიღების შესაძლებლობას. კონვენცია ასევე, განმარტავს საზიანო სამუშაოს ან საქმიანობის მახასიათებლებს, რომელთაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან ახალგაზრდების ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას ან მორალს: მაგალითად, სახიფათო ნივთიერებებთან, აგენტებთან ან პროცესებთან (მაგ., რადიაციის იონიზაცია) დაკავშირებული სამუშაო, მძიმე საგნების აწევა, მიწისქვეშა სამუშაო ან ნებისმიერი სამუშაო, რომელიც აკრძალულია.
ბავშვის სამუშაოს ყველაზე უარესი ფორმები კონკრეტულად განსაზღვრულია შრომის საერთაშორისო C182 კონვენციით. ევროპის სოციალური ქარტია (მუხლი 7) განსაზღვრავს ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებას დაცვაზე და ადგენს სხვადასხვა სახის სამუშაოზე მიღების მინიმალურ ასაკს. ქარტია მხარეებს ავალდებულებს უზრუნველყონ, რომ სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი შეადგენდეს 18 წელს, იმ საქმიანობის მიმართ, რომლებიც მიიჩნევიან სახიფათო ან არაჯანმრთელ სამუშაოებად.
საქართველოს შრომის კოდექსის (მუხლი 4) მიხედვით განისაზღვრება სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი და შრომითი ქმედუნარიანობის წარმოშობა. 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზისო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას. კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობა ძალაში რჩება მსგავსი ხასიათის შემდგომი შრომითი ურთიერთობის მიმართაც. 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.