აგ ად ავ აზ ათ ალ ამ ან არ ას ატ აუ აღ ახ
ადა ადი

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

ინგლ. Universal Declaration of Human Rights

მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ (10.XII.1948). ამ დეკლარაციის მიღების თარიღი (10 დეკემბერი) ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე. დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. კერძოდ, დეკლარაციით გათვალისწინებულია ისეთი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, პირადი ხელშეუხებლობის უფლება. იგი კრძალავს მონობას, წამებას, უკანონო დაპატიმრებას, დაკავებასა და დევნას. დეკლარაციით ასევე, გათვალისწინებულია ისეთი უფლებები, როგორიცაა კერძო და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობის უფლება, გარანტირებულია მიმოწერის საიდუმლოება და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ დაცვის უფლება. დეკლარაცია ასევე, ითვალისწინებს სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. დეკლარაცია არ არის იურიდიულად სავალდებულო, იგი სარეკომენდაციო ხასიათისაა, მაგრამ თითქმის ყველა ქვეყანამ აქცია სავალდებულო ნორმების შემცველ საერთაშორისო ჩვეულებად. დეკლარაციამ საფუძველი ჩაუყარა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას, მათ შორის ისეთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, როგორიცაა საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ და საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ, რომლებიც 1966 წელს მიიღეს და ძალაში შევიდა 1976 წელს.

1989 წელს, ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მიიღო ზოგადი კომენტარი №17, რომელიც შეეხება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ სამოქალაქო პაქტის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხებს.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9