ბა ბი ბრ
ბავ

ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმები

ინგლ. Worst forms of child labour

1989 წლის „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 32-ე მუხლი ადგენს: „წევრი სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას იყოს დაცული ეკონომიკური ექსპლოატაციისგან და ნებისმიერი ისეთი სამუშაოს შესრულებისგან, რომელიც შესაძლებელია იყოს საშიში ან ხელს უშლიდეს ბავშვის განათლებას ან საფრთხეს უქმნიდეს ბავშვის ჯანმრთელობას მის ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ, მორალურ თუ სოციალურ განვითარებას“.

1999 წლის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის C182 (ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აღმოფხვრის შესახებ) კონვენციის მე-3 მუხლი ბავშვთა შრომის უკიდურეს ფორმებს შემდეგნაირად განსაზღვრავს: „(ა) მონობის ან მონობის მსგავსი პრაქტიკის ყველა ფორმას, როგორიცაა მაგალითად, ბავშვების გაყიდვა და ბავშვებით ვაჭრობა, სავალო კაბალა და ბატონყმური დამოკიდებულება, აგრეთვე იძულებითი ან სავალდებულო შრომა მათ შორის, ბავშვების იძულებითი ან სავალდებულო დაქირავება შეიარაღებულ კონფლიქტებში მათი გამოყენების მიზნით; (ბ) ბავშვის გამოყენებას, შეთავაზებას ან დაქირავებას პროსტიტუციაში, პორნოგრაფიული პროდუქციის შექმნისათვის ან პორნოგრაფიული წარმოდგენისათვის; (გ) ბავშვის გამოყენებას, დაქირავებას ან შეთავაზებას მართალსაწინააღმდეგო საქმიანობისათვის კერძოდ, ნარკოტიკების წარმოებისა და გაყიდვისათვის, როგორც ეს განსაზღვრულია შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებებში; (დ) სამუშაოს, რომელმაც თავისი ხასიათით ან პირობებით, სადაც ის სრულდება, შეიძლება ზიანი მოუტანოს ბავშვების ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას ან ზნეობას“ (ხაზგასმით დამატებულია) უნდა იყოს აკრძალული 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისიწინებული სამუშაოს სახეობები შეიძლება განისაზღვროს ეროვნული კანონმდებლობითა და დებულებებით (მე3 მუხლი (დ) და მე-4 მუხლი).

1999 წლის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 190334 რეკომენდაცია წარმოადგენს ბავშვთა შრომის უკიდურეს ფორმებთან დაკავშირებით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის C182 კონვენციის ერთგვარ დამატებას. რეკომენდაცია მოიცავს კონკრეტულად შესაბამის დებულებებს: კონვენციის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების სახეების განსაზღვრისას და მათი არსებობის დადგენისას, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ინტერ ალია, (ა) სამუშაო, რომელიც წარმოადგენს ბავშვზე ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ან სექსუალურ ძალადობას.

„წევრმა სახელმწიფოებმა იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია ეროვნული კანონმდებლობით, საერთაშორისო ძალისხმევა დაუყონებლივ უნდა მიმართონ ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვასა და აღმოფხვრაზე:

(ა) სისხლის სამართლის დანაშაულთა შესახებ ინფორმაციის შეგროვება-გაცვლით, მათ შორის, საერთაშორისო ქსელების მეშვეობით; (ბ) გამოავლინონ და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ პირები, რომლებიც ჩართულნი არიან ბავშვებით ვაჭრობასა და ტრეფიკინში ან სთავაზობენ ან ქირაობენ ბავშვებს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების შესასრულებლად, პროსტიტუციისთვის, პორნოგრაფიული პროდუქტის შექმნისა თუ პორნოგრაფიული წარმოდგენისთის; (გ) მსგავსი ტიპის სისხლის სამართლის დამნაშავეთა რეესტრის წარმოებით“.

„წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ შემდეგი სახის ბავშვთა შრომა წარმოადგენდეს სისხლის სამართლის დანაშაულს: (ა) მონობის ყველა ფორმა, როგორიცაა ბავშვებით ვაჭრობა ან ტრეფიკინგი, სავალო კაბალა, ბატონყმური დამოკიდებულება, იძულებითი ან სავალდებულო შრომა, მათ შორის, შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვების იძულებით რეკრუტირება; (ბ) გამოყენება, დაქირავება ან შეთავაზება ბავშვისთვის პროსტიტუციაში ჩართვაზე, პორნოგრაფიული პროდუქტის შექმნაზე ან პორნოგრაფიულ წარმოდგენაზე და (გ) ბავშვების გამოყენება, დაქირავება ან შეთავაზება კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის შესასრულებლად“.

ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და აღმოფხვრის სხვა ზომები უნდა მოიცავდეს შემდეგს: „(დ) უზრუნველყონ წევრმა სახელმწიფოებმა თავიანთი მოქალაქის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმის დაუყონებლივ აღმოფხვრა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნული დანაშაული ჩადენილია სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9