ინგლ. Committee on the Rights of the Child დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი ორგანო გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში, რომელიც ზედამხედველობას უწევს ბავშვის უფლებათა კონვენციის შესრულებას ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ. კომიტეტი შედგება 18 დამოუკიდებელი ექსპერტისგან, რომლებიც აირჩევიან 4 წლის ვადით. გაეროს „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მესამე დამატებითი ოქმის „შეტყობინებების პროცედურების შესახებ“ (2011) საფუძველზე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს შეტყობინება ბავშვის უფლებათა დარღვევის შესახებ: იმ ბავშვების (ინდივიდის ან ჯგუფის) კომუნიკაციიდან, რომელთა უფლებებიც დაირღვა კონვენციის თანახმად; სახელმწიფოთაშორისი საჩივრებიდან (სახელმწიფო მხარეებს შეაქვთ საჩივრები სხვა სახელმწიფო მხარეების წინააღმდეგ); საქმის შესწავლის პროცედურებიდან, რომელიც საშუალებას მისცემს ბავშვის უფლებათა კომიტეტს წამოიწყოს მძიმე და სისტემური დარღვევების გამოძიება, მიუხედავად იმისა, მიიღო თუ არა გარედან შეტყობინება ამის შესახებ (საქართველოში ოქმი ძალაში შევიდა 2016 წლის 19 დეკემბერს).
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019