უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაცია, შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როგორც ორგანიზაცია, რომელიც მტკიცედ დაიცავდა მშვიდობას და გადაარჩენდა მსოფლიოს ახალი სისხლისმღვრელი ომისაგან. ამ ეტაპის საერთაშორისო აქტები იყო: სსრკ-პოლონეთის 1941 წლის დეკემბრის დეკლარაცია, ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების (გაერთიანებული ერების) 1942 წლის 1-ლი იანვრის დეკლარაცია, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთისა და სსრ კავშირის მოსკოვის დეკლარაცია (1943 წლის 30 ოქტომბერი), ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების პროექტი შემუშავდა 1944 წლის აგვისტო-ოქტომბერში აშშ-ის, სსრ კავშირის და დიდი ბრიტანეთის მიერ დუმბარტონოქსში (აშშ); იალტის (1945 წლის თებერვალი) კონფერენციის გადაწყვეტილება სან-ფრანცისკოში, 25 აპრილს გაერთიანებული ერების კონფერენციის მოწვევის შესახებ. საბჭოთა კავშირის, აშშ-ისა და ინგლისის მთავრობათა კონსულტაციებისა და თათბირების შედეგად 1945 წელს სან-ფრანცისკოში მოწვეულ იქნა 50 ქვეყნის კონფერენცია, რომელმაც საბოლოოდ შეიმუშავა ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის წესდება. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს 25 ივნისს და იგი ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ეს დღე შევიდა ისტორიაში როგორც „გაერთიანებული ერების დღე“ და ყოველ წელს აღინიშნება. წესდება საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც დღეს, 190-მდე სახელმწიფოს მოიცავს და ჭეშმარიტად საყოველთაო უნივერსალურ საერთაშორისო ხასიათს ატარებს. საქართველო გაეროში გაწევრიანდა 1992 წლის 31 ივლისს.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019