ადამიანის სოციალური უფლება, რომლის მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს განათლების მიღების უფლება. განათლების მიღება შესაძლებელია როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში. უფლება აღიარებულია: „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტით (მე-13 მუხლი), ევროპის ქარტიით (მე-10 მუხლი), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით (მე-2 მუხლი), ასევე, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით (28-ე მუხლი) და სხვა საერთშორისოსამართლებრივი დოკუმენტებით.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციის 24-ე მუხლი მოითხოვს წევრი სახელმწიფოსგან აღიაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარ შესაძლებლობებზე დაფუძნებული განათლების უფლება და ინკლუზიური განათლების სისტემის საშუალებით, ყველა დონეზე უზრუნველყოს: ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ინკლუზიური, ხარისხიანი და უფასო დაწყებითი და საშუალო განათლების სხვებთან თანასწორად ხელმისაწვდომობით მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ბ) გონივრული მისადაგების მოთხოვნის გათვალისწინება; გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ზოგადი განათლების სისტემის ფარგლებში საჭირო დახმარების მიღებით, მათი ეფექტური განათლების ხელშეწყობის მიზნით; დ) ბრაილის, ალტერნატიული დამწერლობის, ჟესტების ენის სწავლება და ყრუ-მუნჯთა საზოგადოების ენობრივი იდენტობის ხელშეწყობა; ე) პირებისთვის კერძოდ, ბრმა, ყრუ ან ერთდროულად ყრუ და ბრმა ბავშვებისთვის განათლების მიწოდება მათთვის ყველაზე შესაფერის ენაზე, რეჟიმში და ინდივიდუალური საკომუნიკაციო საშუალებებით; ვ) მასწავლებლები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მასწავლებლები, რომლებიც ფლობენ ჟესტების ენას და/ან ბრაილის - დასაქმებით და განათლების ყველა დონეზე მომუშავე პროფესიონალები და მუშაკები - გადამზადებით.