გა გო
გაე გან გას

განრიდება

ინგლ. Diversion

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ფორმა, სისხლსსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომლის მიზანია არასრულწლოვნის სათანადო განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის №10 ზოგადი კომენტარის (ბავშვის უფლებები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში) მიხედვით, განრიდება (ანუ იმ ბავშვებისათვის სამართლებრივი პროცედურების გვერდის ავლა, რომლებმაც სავარაუდოდ, დაარღვიეს სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ბრალად ედება მისი დარღვევა ან აღიარებულნი არიან მის დამრღვევებად) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ ბავშვმა ნამდვილად ჩაიდინა დანაშაული, ის სრულად და ძალდაუტანებლად აღიარებს პასუხისმგებლობას ჩადენილზე, აღიარებას საფუძვლად არ უდევს ზეწოლა ან იძულება, დაბოლოს, იმ შემთხვევაში, თუ ეს აღიარება არ გამოიყენება მის წინააღმდეგ დაკავშირებული ნებისმიერი სამართლებრივი განხილვისას. ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად, ბავშვმა განრიდებაზე თანხმობა უნდა გამოხატოს წერილობითი ფორმით და ნებაყოფლობით. თანხმობა უნდა ეფუძნებოდეს ღონისძიების ხასიათის, შინაარსისა და ხანგრძლივობის შესახებ ზუსტ ინფორმაციას. მასში ნათლად უნდა იყოს გამოხატული, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს თანამშრომლობაზე უარის თქმას და პირობების შეუსრულებლობას. მშობლების ჩართულობის გააქტიურების მიზნით, მონაწილე სახელმწიფოებმა შეიძლება ასევე, საჭიროდ ცნონ მშობლების თანხმობაც, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ბავშვს ჯერ არ შესრულებია თექვსმეტი წელი. ამავე ზოგადი კომენტარის მიხედვით, განრიდებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას ბავშვის მიერ საქმის საბოლოო დახურვა უნდა მოჰყვეს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია საქმის შენახვა ადმინისტრაციული ან გადასინჯვის მიზნებისთვის, ამგვარი საქმე არ უნდა განიხილებოდეს ნასამართლობის დამამატკიცებელ დოკუმენტად, ხოლო ბავშვის, რომელიც დაექვემდებარა განრიდებას, არ უნდა განიხილებოდეს ნასამართლობის მქონედ. თუ საქმე რეგისტრირებულია, მხოლოდ შესაბამისი ნებართვის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან მომუშავე პირს უნდა ჰქონდეს მისი გამოყენების უფლება, ისიც შეზღუდული პერიოდისთვის, მაგალითად, ერთი წლის განმავლობაში.

საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი (მუხლები 38-42) დეტალურად განსაზღვრავს განრიდების ღონისძიებების, განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოსა და განრიდების გამოყენების წინაპირობებს.
წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9