და დე დი
დას დაც დახ

დასჯის სხვა მიუღებელი ფორმები

ინგლ. Other Unacceptable Forms of Punishment

საერთაშორისო სამართალში ზოგადი მოთხოვნა არსებობს, რომლის თანახმად, ბავშვები არასდროს არ შეიძლება დაექვემდებარონ სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასა ან სასჯელს. სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის მრავალი ფორმა არსებობს.

ბავშვებისთვის თავისუფლების სამუდამო აღკვეთა მძიმე სასჯელს უტოლდება და შესაბამისად, საერთაშორისო სამართალი მას კრძალავს. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის დებულება ნათლად ადგენს, რომ ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ „სამუდამო პატიმრობა გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე არ იყოს გამოყენებული იმ პირთა მიმართ, რომლებმაც დანაშაული 18 წლის ასაკის მიღწევამდე ჩაიდინეს“. სამწუხაროდ, ეს აკრძალვა სამუდამო პატიმრობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ეხება, როდესაც თავისუფლების უვადო აღკვეთას გათავისუფლების შესაძლებლობა არ ახლავს. ბავშის უფლებათა კომიტეტი №12 ზოგად კომენტარში მიუთითებს, რომ ბავშვების მიმართ გამოყენებულ ნებისმიერ სასჯელში გათავისუფლების შესაძლებლობა რეალური უნდა იყოს და რეგულარულად უნდა განიხილებოდეს. ამ თვალსაზრისით, ბავშვის უფლებათა კომიტეტი ბავშვის უფლებების კონვენციის 25-ე მუხლს ეყრდნობა, რომელიც აღიარებს მოვლის მიზნით სამეურვეოდ, დასაცავად ან სამკურნალოდ გამწესებული ყველა ბავშვის უფლებას, პერიოდულად ხდებოდეს მათი მდგომარეობის შეფასება. ბავშვის უფლებათა კომიტეტი კონვენციის იმ ხელშემკვრელ მხარეებს, რომლებიც ბავშვებს გათვისუფლების ან პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების პირობით თავისუფლების უვადო აღკვეთას უსჯიან, შეახსენებს, რომ სასჯელი „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიზანს სრულად უნდა შეესაბამებოდეს და მისი განხორციელებისკენ უნდა მიისწრაფოდეს.

ბავშვის უფლებათა კომიტეტმა №8 ზოგად კომენტარში, რომელიც ბავშვის ფიზიკური დასჯისა და სხვა სასტიკი ან დამამცირებელი ფორმით დასჯისგან დაცვის უფლებას შეეხება, აღნიშნა შემდეგი:

„ფიზიკური დასჯა და სხვა სასტიკი ან დამამცირებელი ფორმით დასჯა ძალადობის ფორმებია და სახელმწიფომ მათ აღმოსაფხვრელად ყველა შესაბამისი საკანონმდებლო, ადამინისტრაციული, სოციალური და საგანმანათლებლო ღონისძიება უნდა განახორციელოს. აქვე აღნიშნულია შემდეგი: „ფიზიკური დასჯა ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულასა და ორივე პაქტში განმტკიცებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპს - პიროვნების ღირსებას არ შეესაბამება“. არცერთ სახელმწიფო დაწესებულებას ან სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ მყოფ დაწესებულებას, სადაც ბავშვები ცხოვრობენ ან დაკავებულნი არიან, ბავშვების ფიზიკური დასჯის უფლება არ აქვს, რადგან ეს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა ან დასჯის ზოგად აკრძალვაში შედის.

ფიზიკური დასჯა და სასჯელის სხვა სასტიკი ან დამამცირებელი ფორმები ძალადობის ფორმებს წარმოადგენენ. ბავშვის უფლებების კომიტეტის №8 ზოგადი კომენტარი ფიზიკურ დასჯას სასჯელის სასტიკ და დამამცირებელ ფორმად კომენტარის სათაურშივე ნათლად წარმოაჩენს. ზოგადი კომენტარის თანახმად „ოჯახში, სკოლებსა და სხვა გარემოში ბავშვთა ფიზიკური დასჯის ფართოდ გავრცელებული აღიარებისა ან შეწყნარების საკითხის მოგვარება არა მხოლოდ ვალდებულებაა“, არამედ ასევე „საზოგადოებებში ყველა ფორმის ძალადობის შემცირებისა და თავიდან არიდების ძირითადი სტრატეგიაა“. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-19 მუხლი სახელმწიფოებისგან მოითხოვს „ყველა აუცილებელი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, სოციალური და საგანმანათლებლო ზომის მიღებას იმ მიზნით, რომ ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეებისა ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტად გამოყენებისგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ დაუდევარი მოპყრობისგან, უხეში მოქცევისა თუ ექსპლოატაციისგან სექსუალური შეურაცხყოფის ჩათვლით“. ამდენად, სახელმწიფოებს მოეთხოვებათ განახორციელონ ყველა სათანადო საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, სოციალური და საგანმანათლებლო ღონისძიება ძალადობის, მათ შორის ბავშვების ფიზიკური დასჯის აღმოსაფხვრელად.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9