„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 23-ე მუხლი მოითხოვს სახელმწიფომ უზრუნველყოს, რომ გონებრივად ან ფიზიკური შესაძლებლობების შეზღუდვის მქონე ბავშვი სარგებლობდეს სრული და ღირსეული ცხოვრების პირობებით, რომლებიც უზრუნველყოფს მისი ღირსების დაცვას, საკუთარი თავის რწმენას და საზოგადოებაში ბავშვის აქტიურ მონაწილეობას. სახელმწიფოებმა უნდა აღიარონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვისთვის განსაკუთრებული ზრუნვის უფლება და უზრუნველყონ: ა) ბავშვის მდგომარეობასა და მშობლების გარემოებებთან მისადაგებული საჭირო დახმარება; ბ) განათლების, ჯანდაცვის და სარეაბილიტაციო მომსახურების ხელმისაწვდომობა, დასაქმებისთვის მზადება, დასვენების შესაძლებლობები; გ) კულტურული და სულიერი განვითარების ხელმისაწვდომობა.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციის 23.5 მუხლი არეგულირებს დახმარების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, კონვენცია მოუწოდებს სახელმწიფოს, თუ ოჯახი ვერ ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვზე, მიიღოს ყველა ზომა, რათა უზრუნველყოს ალტერნატიული ზრუნვა უფრო დიდი ოჯახის ფარგლებში და თუ ეს შეუძლებელია, ალტერნატიულ ოჯახურ გარემოში.
ასევე, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ყოვლისმომცველი სარეაბილიტაციო მომსახურების და პროგრამების ორგანიზება, განმტკიცება და გაფართოება, კერძოდ, ჯანდაცვის, დასაქმების, განათლებისა და სოციალური მომსახურება. ეს პროგრამები უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე და უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალური საჭიროებებისა და ძლიერი მხარეების მულტიდისციპლინარულ შეფასებას. სახელმწიფო ვალდებულია: ა) უზრუნველყოს საზოგადოებაში მონაწილეობა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში ჩართულობა; ბ) ხელი შეუწყოს აბილიტაციისა და სარეაბილიტაციო სამსახურებში მომუშავე პროფესიონალისა და მუშაკთა საწყისი და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფას; გ) ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, მათი აბილიტაციისა და რეაბილიტაციის მიზნით შექმნილი დამხმარე საშუალებებისა და ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას, ცოდნას და გამოყენებას (მუხლი 26). ამასთან, სახელმწიფო ვალდებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უზრუნველყოს ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით და სოციალური დაცვით, უზრუნველყოფს რა: ა) სუფთა წყლის, მოწყობილობების და შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული საჭიროებების და სხვა სახის დახმარების ხელმისაწვდომობას; ბ) სოციალური დაცვის, სიღარიბის დაძლევის პროგრამების ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონებისთვის; გ) შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ხარჯების, სწავლების, კონსულტაციის, ფინანსური დახმარების და ზრუნვის ხელმისაწვდომობას.