ადამიანის უფლებათა შეზღუდვა ან შელახვა სოციალური, რასობრივი, ეროვნული, ენობრივი, სქესობრივი კუთვნილების, პოლიტიკური, რელიგიური ან სხვაგვარი მდგომარეობის მიხედვით და გვევლინება ინდივიდთა თანასწორობის უარყოფად, რაც შეუთავსებელია დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლით უზრუნველყოფილია დისკრიმინაციის დაუშვებლობის უფლება. კონვენცია სახელმწიფოებისგან მოითხოვს სათანადო ქმედითი ღონისძიებების განხორციელებას ყველა ბავშვის ეფექტიანი თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. უთანასწორობის მდგომარეობის გამოსწორების მიზნით სახელმწიფოებს შესაძლოა დასჭირდეთ პოზიტიური ღონისძიებების გატარებაც. დამატებით, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-5 მუხლი მოუწოდებს სახელმწიფოებს აკრძალონ შეზღუდული შესაძლებლობების საფუძველზე ნებისმიერი დისკრიმინაცია და უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი და ეფექტური სამართლებრივი დაცვა ნებისმიერი დისკრიმინაციისგან. თანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით, კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოებს, მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, რათა უზრუნველყონ გონივრული მისდაგების გათვალისწინება. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (მუხლი 13) კრძალავს დისკრიმინაციას სასწავლო პროცესში.