შეიქმნა 1949 წლის 5 მაისს, ლონდონში, დასავლეთი ევროპის ათი სახელმწიფოს (ბელგია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, საფრანგეთი და შვედეთი) საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ამ ორგანიზაციის წესდებაზე ხელმოწერის შედეგად. 1949-1970 წლებში, ორგანიზაციაში გაწევრიანდა დასავლეთი ევროპის კიდევ 8 სახელმწიფო. 1990 წლამდე ევროპის საბჭო დასავლეთი ევროპის სახელმწიფოთა გაერთიანებად რჩებოდა. 1989 წელს, მან შემოიღო ქვეყნებისათვის სპეციალური სტუმრის სტატუსის მინიჭების ინსტიტუტი, რითაც ხელი შეუწყო ამ ორგანიზაციის არაწევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობის დამყარებას.
ევროპის საბჭო არის საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია, რომლის მიზანია: ადამიანის უფლებათა, პლურალისტური დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა; ევროპული კულტურის თვითმყოფადობის აღქმისა და განვითარებისათვის ხელშეწყობა; ევროპის თანამეგობრობის წინაშე მდგარი პრობლემების (ეროვნული უმცირესობის დაცვა, ბრძოლა ქსენოფობიის, შეუწყნარებლობის, გარემოს დაუცველობის, ადამიანის კლონირების, შიდსის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ და ა. შ.) გადაწყვეტის ერთობლივი გზების ძიება; პოლიტიკური, საკანონმდებლო და სასამართლო რეფორმების მხარდაჭერის გზით, ევროპაში დემოკრატიული სტაბილურობის განმტკიცება. ორგანიზაცია განიხილავს ევროპის თანამეგობრობის ყველა უმნიშნველოვანეს საკითხს, გარდა თავდაცვის საკითხებისა. მისი მოქმედების პროგრამა მოიცავს ისეთ ძირითად სფეროებს, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, თანამშრომლობა სამართლებრივ დარგში, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა, ადგილობრივი დემოკრატია და საზღვრისპირა თანამშრომლობა, გარემოს დაცვა და რეგიონული დაგეგმარება.
ევროპის საბჭოს ფარგლებში შემუშავებულია „ბავშვთა უფლებების შესახებ“ სტრატეგია (2016-2021). დოკუმენტი განსაზღვრავს ბავშვთა უფლებების გარანტირებისთვის გასატარებელ ღონისძიებებს ორგანიზაციის მიერ დასახული შემდეგი ხუთი პრიორიტეტული სფეროს მიხედვით: 1. თანაბარი შესაძლებლობები ყველა ბავშვისთვის, 2. ყველა ბავშვის ჩართულობა; 3. ძალადობისგან თავისუფალი სიცოცხლე ყველა ბავშვისთვის; 4. ბავშვთა მიმართ კეთილგანწყობილი მართლმსაჯულების სისტემა ყველა ბავშვისთვის და 5. ბავშვის უფლებები ციფრულ გარემოში.