ევ ეკ ელ ემ ეუ ეფ ექ
ეუთ

ეუთო (ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია)

ინგლ. OSCE

უსაფრთხოების რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრია 57 სახელმწიფო. იგი შეიქმნა გაეროს წესდების VIII თავის შესაბამისად, ევროპაში კონფლიქტების თავიდან აცილების, კრიზისის მართვისა და კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით ისეთ სფეროებში, როგორიცაა: შეიარაღების კონტროლი, გაეროს პრევენციული დიპლომატია, ნდობისა და უსაფრთხოების მიღწევის ზომები, ადამიანის უფლებები, არჩევნების მონიტორინგი, ეკონომიკური და გარემოს უსაფრთხოება. 1975 წლის 5 აგვისტოს, ჰელსინკის დასკვნით თათბირზე, აქტს ხელი მოაწერა 35-მა სახელმწიფომ. თუმცა, ეს აქტი არ არის საერთაშორისო ხელშერულება, იგი უდიდესი მნიშვნელობის პოლიტიკური შეთანხმებაა, რომლის მიზანი იყო, შეესუსტებინა „ცივი ომით“ გამოწვეული დაძაბულობა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. 1990 წლამდე, ეუთო ფუნქციონირებდა როგორც შეხვედრებისა და კონფერენციების ფორუმი, რომელიც ადგენდა სახელმწიფოთა და მოქალაქეთა მოქმედების წესებს და პერიოდულად მიმოიხილავდა მათ შესრულებას (ამ დროს მისი სახელწოდება იყო ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირი). პარიზის 1990 წლის უმაღლესი დონის შეხვედრაზე, ეუთო ახალ კურსს დაადგა. „პარიზის ქარტიაში ახალი ევროპისათვის“ ეუთო-ს ძირითად ამოცანებად მიჩნეულ იქნა ევროპაში მიმდინარე ისტორიული გარდაქმის წარმართვისა და „ცივი ომის“ შემდგომი პერიოდის ახალ მოთხოვნებზე რეაგირებისათვის ხელის შეწყობა. ამ ამოცანების შესრულების გასაადვილებლად შეიქმნა ცალკეული ინსტიტუტები, შეხვედრებმა უფრო რეგულარული ხასიათი მიიღო და მისი მუშაობა უფრო ორგანიზებული გახდა.

ეუთო აფასებს წევრი სახელმწიფოების მიერ ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხებს. ორგანიზაციის ანტიტრეფიკინგის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვებით ვაჭრობის აღკვეთასა და პრევენციას.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9