ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს ეკონომიკური ექსპლოატაციისაგან და ნებისმიერი ისეთი სამუშაოსგან, რომელიც შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობისათვის ან დაბრკოლებას უქმნიდეს მას განათლების მიღებაში ან ზიანს აყენებდეს მის ჯანმრთელობას და ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ, მორალურ და სოციალურ განვითარებას.
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 32-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საკანონმდებლო და სოციალური ღონისძიებები, აგრეთვე ღონისძიებები განათლების სფეროში, რათა უზრუნველყონ ამ უფლების შესრულება. კერძოდ, სახელმწიფოებმა საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით, უნდა: ა) დაადგინონ სამუშაოზე მიღებისათვის მინიმალური ასაკი; ბ)დაადგინონ საჭირო მოთხოვნები სამუშაო დღის ხანგრძლივობისა და შრომის პირობების შესახებ და გ) გაითვალისწინონ შესაბამისი სასჯელი ან სხვა სანქციები კონვენციის ამ მუხლის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად.