- 21-ე საუკუნეში მიღებულ საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტებში, ასევე მასობრივ მედია საშუალებებში ტერმინი „ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაცია პროსტიტუციისთვის“ ხშირად ეხება „ბავშვთა პროსტიტუციას“. ექსპლოატაციის ამგვარი ფორმა მოიცავს სექსუალური მოქმედების შესრულების სანაცვლოდ, ბავშვისთვის რაიმე საზღაურის (ფულის, თავშესაფრის, საკვების, ნარკოტიკული საშუალებების ან სხვა) შეთავაზებას ან დაპირებას. შესრულების სანაცვლოდ დაპირებული საზღაური შესაძლებელია მიიღოს არა ბავშვმა, არამედ მესამე პირმა. ასევე, არ არის აუცილებელი ის ფაქტიც, მოხდა თუ არა რეალურად დაპირებული საზღაურის გაცემა ან თუ რამდენად აკმაყოფილებდა პირს უბრალოდ დაპირება, რომელიც შეიძლება არც არასდროს შესრულებულიყო.
ზოგადად, ტერმინის - „ბავშვთა პროსტიტუცია“ გამოყენება მას შემდეგ დადგა ეჭვქვეშ, რაც ტერმინს ფართო სადავო ინტერპრეტაცია მიეცა, რომ პროსტიტუცია წარმოადგენს სექსსამუშაოს ლეგიტიმურ ფორმას ან ბავშვი პროსტიტუციაში ერთვება ინფორმირებული თანხმობის შედეგად. აღნიშნული მიზეზით, იმისათვის, რომ ხაზი გაესვას ექსპლოატაციაში ბავშვს, როგორც მსხვერპლს, ტერმინის მცირედ შეცვლამ „ბავშვთა პროსტიტუცია“ და ახალი ტერმინის შემოღებამ - „პროსტიტუცია ბავშვებით“ შესაძლებელია ხაზი გაუსვას პროსტიტუციაში ბავშვის იძულებით ჩართვას, ვიდრე მის ნებაყოფლობით მონაწილეობას. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 34-ე მუხლი წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს მიიღონ შესაბამისი ზომები „ბავშვის პროსტიტუციაში ექსპლოატაციის“ პრევენციისათვის. თუმცა, აღნიშნული მიდგომა დამატებით განსაზღვრული არ არის.
„ბავშვის უფლებათა და კეთილდღეობის შესახებ“ 1990 წლის აფრიკული ქარტიის 27-ე მუხლის „ბ“ პარაგრაფი ადგენს წევრი სახელმწიფოების პასუხისმგებლობას, მიიღონ პრევენციული ხასიათის ზომები „ბავშვების პროსტიტუციაში ან სხვა სექსუალურ პრაქტიკაში გამოყენების“ წინააღმდეგ.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1999 წლის კონვენციის (C182) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ეხება „ბავშვის გამოყენება, მოსყიდვა ან შეთავაზება პროსტიტუციაში მონაწილეობის მიღების მიზნით“, რომელიც განსაზღვრულია, როგორც „ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმა“.
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 2000 წლის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი იყენებს ტერმინს „ბავშვთა პროსტიტუცია“ და განმარტავს შემდეგნაირად: „[ბ] ბავშვის გამოყენებას სექსუალური ხასიათის ქმედებებში ფულადი ან სხვა სახის ანაზღაურების ფასად“. დამატებით, მე-3 მუხლი (ბ) მოითხოვს წევრმა სახელმწიფოებმა უზრუნველყონ მოქმედი სისხლის სამართალთან შესაბამისობა შემდეგი სახის ქმედებების - „ბავშვის შეთავაზება, მიღება, მიწოდება ან ბავშვებით უზრუნველყოფა პროსტიტუციის მიზნით“.
„სექსუალური ექსპლოატაციისა და ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია (ლანზაროტეს კონვენცია, 2007) მე-19 (2) მუხლში იყენებს ტერმინს „ბავშვთა პროსტიტუცია“ და განსაზღვრავს როგორც: „ბავშვის სექსუალური ურთიერთობისათვის გამოყენების ფაქტს, როდესაც ამის სანაცვლოდ იძლევიან ან ჰპირდებიან ფულს ან ანაზღაურების სხვა ფორმას ან რაიმე საზღაურს, იმისდა მიუხედავად, ეს გადასახადი, დაპირება ან საზღაური განსაზღვრულია თავად ბავშვისათვის თუ მესამე პირისთვის“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლი 254) მიხედვით, დასჯადია პირის (მათ შორის, არასრულწლოვნის) დაყოლიება ან/და სხვა ისეთი არაძალადობრივი ქმედების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს პირის პროსტიტუციაში მონაწილეობას.