ვა ვი
ვად

ვადები და მშობლების/წარმომადგენლების მონაწილეობა

ინგლ. Terms and Partisipation of Parents/Representatives

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-40 მუხლი განმარტავს ბავშვის უფლებას: იყოს ინფორმირებული დაუყონებლივ და უშუალოდ მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების შესახებ და თუ საჭიროა, მშობლების ან წარმომადგენლის საშუალებით. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის №10 ზოგადი კომენტარის თანახმად, „დაუყონებლივ“ ნიშნავს, რაც შეიძლება სწრაფად და ეს არის დრო, როდესაც პროკურორი ან მოსამართლე ახორციელებს პირველ საპროცესო მოქმედებებს ბავშვის წინააღმდეგ. ხოლო „უშუალოდ“ ნიშნავს, რომ ბავშვი უნდა იყოს ინფორმირებული პირადად და იმ ენაზე, რომელიც მას ესმის. აღნიშნულში კი, შეიძლება იგულისხმებოდეს ოფიციალური სამართლებრივი ტერმინების ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე გადმოცემა. პასუხისმგებელი ორგანოების ვალდებულებაა უზრუნველყონ, რომ ბავშვმა სრულყოფილად გაიგოს მის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება. ბავშვისთვის ოფიციალური დოკუმენტის გადაცემა არ არის საკმარისი, როგორც წესი, აუცილებელია სიტყვიერი განმარტება. საუკეთესო შემთხვევაა, როდესაც ბავშვი და მშობლები ან წარმომადგენელი იღებენ ინფორმაციას ისე, რომ წაყენებული ბრალდებები და შესაძლო შედეგები ყველასთვის თანაბრად გასაგებია (ზოგადი კომენტარი №10, პარ. 47-8).

პეკინის წესები (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ადმინისტრირების შესახებ) განსაზღვრავს, რომ მშობელი ან მეურვე უნდა იყოს უფლებამოსილი, მონაწილეობა მიიღოს პროცედურებში და ასევე შესაძლოა დაესწროს მათ, თუ ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესში შედის.

მშობლისა და მზრუნველის უფლება, მონაწილეობა მიიღს პროცესში, განხილული უნდა იყოს როგორც ზოგადი „ფსიქოლოგიური და ემოციური მხარდაჭერა“. წესების თანახმად, მშობლების ან მეურვის დასწრებამ პროცედურებზე შეიძლება უარყოფითი გავლენაც იქონიოს, მაგალითად, თუ ისინი ამჟღავნებენ მტრულ დამოკიდებულებას ბავშვის მიმართ. ამიტომ მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს მათი ჩამოცილება პროცედურებიდან.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9