სასამართლოს (მოსამართლის), ადმინისტრაციული ან სხვა საჯარო ორგანოს ბრძანებით პირის დაპატიმრება თავისუფლების აღკვეთა ან ისეთ საჯარო თუ კერძო საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსება, რომლის დატოვების უფლება საკუთარი სურვილისამებრ ამ პირს არ ექნება.
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია ბავშვის თავისუფლების აღკვეთის მარეგულირებელი პირველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 37-ე მუხლი კრძალავს ბავშვის უკანონო ან თვითნებურ თავისუფლების აღკვეთას. ბავშვის თავისუფლების აღკვეთა, დატუსაღება, დაკავება ან დაპატიმრება კანონის შესაბამისად უნდა განხორციელდეს და შეიძლება „მხოლოდ უკიდურეს ზომად და დროის მაქსიმალურად მოკლე პერიოდში იყოს გამოყენებული“. 1990 წელს, გაერომ მიიღო თავისუფლებააღკვეთილ არასრულწლოვანთა დაცვის წესები, რომელიც არა მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის დაწესებულებებს, არამედ ბავშვების სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებსაც ეხება. თავისუფლების აღკვეთა უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე დაპატიმრება, დაკავება ან პატიმრობა.
თავისუფლებააღკვეთილ არასრულწლოვანთა დაცვის წესები რამდენიმე ზოგად პრინციპს ეფუძნება: თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ უკიდურეს ზომად და მინიმალური ხანგრძლივობით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა იყოს გამოყენებული ბავშვის კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და განათლებისთვის საჭირო შესაბამისი ინფრასტრუქტურის მქონე დაწესებულებაში, რომელიც ბავშვის საზოგადოებაში რეინტეგრაციას ხელს შეუწყობს. დაკავების ადგილები ბავშის ოჯახის წევრებთან კავშირისთვის ღია უნდა იყოს; დაწესებულებებში შესაბამისი მომსახურება უნდა იყოს უზრუნველყოფილი და მათი მომსახურე პერსონალი ბავშვის უფლებებში კარგად გარკვეული უნდა იყოს. თავისუფლებააღკვეთილ არასრულწლოვანთა დაცვის წესებში განსაკუთრებული ყურადღება სისხლის სამართლის წარმოების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი ბავშვების მდგომარეობას ენიჭება.
ბავშვის უფლებათა კომიტეტის №10 ზოგად კომენტარში თავისუფლების აღკვეთას, მათ შორის წინასწარ პატიმრობასა და სასამართლოს მიერ მსჯავრდების შემდეგ სასჯელის მოხდას ერთი ნაწილი ეთმობა. ბავშვის უფლებათა კომიტეტის თანახმად, „ბავშის უფლებების კონვენციის 37-ე მუხლი თავისუფლების აღკვეთისას, თავისუფლებააღკვეთილი ყველა ბავშვისთვის პროცედურული უფლებების გარანტირებისა და ამ ბავშვებთან მოპყრობისა და მათთვის შესაქმნელი პირობების უზრუნველყოფისას გამოსაყენებელ ყველა ძირითად პრინციპს მოიცავს“. იგი თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებსაც აყალიბებს, საპროცესო უფლებებს ჩამოთვლის და იმ დაწესებულებებში მისაღებ მოპყრობასა და პირობებს განმარტავს, რომლებიც ბავშვთა დაკავებისთვის გამოიყენება.