იდენტობა ინდივიდს სხვებისგან განსხვავებულ, კონკრეტულ პიროვნებად ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს. თითოეულ ადამიანს აქვს იდენტობა, თუმცა პიროვნება სამართლებრივი იდენტობის - პიროვნების დადასტურების გარეშე როგორც სამართლისთვის, ისე საზოგადოებისთვის შეუმჩნეველია. ბავშვი იდენტობას ოჯახური კავშირების, სახელისა და ეროვნების მიხედვით იძენს. იდენტობის განსაზღვრისთვის რასა, გენდერი და რელიგიაც ასევე, მნიშვნელოვანია. ბავშვის იდენტობა ლეგიტიმური მხოლოდ მონაცემების შესაბამის რეესტრში შეტანის შემდეგ ხდება. ბავშვის უფლება, რომ იყოს მისი პიროვნება დადასტურებული, რამდენიმე უფლებას მოიცავს, როგორიცაა: დაბადების რეგისტრაცია, სახელის ქონის უფლების ჩათვლით, უფლება, იცოდეს ვინ არიან მისი მშობლები და მიიღოს მათგან ზრუნვა, მოქალაქეობის შეძენის უფლება და იდენტობის დაცვასთან დაკავშირებული უფლებები (ეთნიკურობა, სახელი და ოჯახური კავშირები).