იდ იმ ინ ირ იუ იძ
იმპ

იმპერატიული ნორმები

ინგლ. Jus Cogens

საერთაშორისო ხელშეკრულებათა სამართლის შესახებ 1969 წლის ვენის კონვენციის განსაზღვრებით, ხელშეკრულება, რომელიც იმპერატიულ ნორმას (Jus Cogens) გადაუხვევს, ბათილად ჩაითვლება. იმპერატიული ნორმა არის ქცევის წესი, „რომელიც შექმნილია და აღიარებულია სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მთლიანობაში როგორც ნორმა, რომლისაგან გადახვევა დაუშვებელია და რომლის შეცვლა შეიძლება მხოლოდ საყოველთაო საერთაშორისო სამართლის იმავე ხასიათის მქონე მომდევნო ნორმით“. იმპერატიული ნორმისაგან გადახვევისათვის საერთაშორისო სამართალი იურიდიულ პასუხისმგებლობას აკისრებს ხელშეკრულების მხარეებს; ასეთი ხელშეკრულება ბათილად ჩაითვლება მისი დადების მომენტიდან, რადგან სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა თავის კოლექტიურ ნებას უპირისპირებს ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს სახელშეკრულებო ნებას და გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს მას. ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს თანამედროვე საერთაშორისო მართლწესრიგის საფუძვლებს, რომლებიც შემუშავებულია ცივილიზაციის განვითარების დღევანდელი საფეხურის ყველაზე მნიშვნელოვან მორალურ ფასეულობებზე დაყრდნობით და რომელთა გარეშე შეუძლებელია კაციობრიობის შემდგომი განვითარება.

ასეთ ნორმებად გვევლინება დავათა მშვიდობიანი საშუალებებით მოგვარების მოთხოვნა. ძალით დამუქრებისა და ძალის გამოყენების აკრძალვა, კაბალურ, არათანასწორუფლებიან ხელშეკრულებათა უკანონობა, ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის უფლების შეზღუდვა, ადამიანის უფლებათა ხელშეუხებლობა, რომლებიც ადამიანის ღირსებას იცავენ მისი რასის, ეროვნების, სქესის, ენისა თუ რელიგიის განურჩევლად. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აკრძალულია ადამიანის მიმართ ულმობელი, მტანჯველ ქმედებათა გამოყენება, როგორიცაა: წამება, მონობა, მონათვაჭრობა, ვაჭრობა ქალებითა და ბავშვებით, აპარტეიდი, გენოციდი, ეთნიკური წმენდა და რასობრივი დისკრიმინაციის ყველა სხვა ფორმა. დისპოზიციური ნორმებისაგან განსხვავებით, რომელიც არ ზღუდავს ხელშეკრულების დამდები მხარეების ნების თავისუფლებას და აძლევს მათ უფლებას, გადაუხვიონ არსებულ ქცევის წესს (მაგ., სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მოუხსნან ელჩებს იმუნიტეტი), იმპერატიული ნომრები გამორიცხავენ ასეთ გადახვევას მაგ., მხარეები ხელშეკრულებით ვერ დააკანონებენ იმის უფლებას, რომ მათ შორის წამოჭრილი დავები ძალის გამოყენებით იქნას გადაწყვეტილი: ასეთი ხელშეკრულება რეგისტრაციას ვერ გაივლის გაეროს გენერალურ მდივანთან, ხოლო თუ ერთერთი მხარე ძალას გამოიყენებს, საერთაშორისო თანამეგობრობა უფლებამოსილი ხდება, გამოიყენოს აგრესორის მიმართ კოლექტიური ზომები, მიუხედავად იმისა, სურს თუ არა ეს დაზარალებულ მხარეს. როგორც იმპერატიული, ასევე დისპოზიციური ნორმები ამკრძალველი ხასიათისაა - სუბიექტების მიერ მათი ცალმხრივად დარღვევა საერთაშორისოსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს, რადგან ლახავს დადგენილი ნორმით სხვა სუბიექტებისათვის მინიჭებულ უფლებებს. საერთაშორისო სამართლის ნორმათა ამ ორ სხვადასხვა ტიპს შორის პრინციპული განსხვავება მათი იურიდული ძალის აბსოლუტურობის ხარისხშია: იმპერატიული ნორმისგან გადახვევა ურთიერთშეთანხმებითაც კი არ შეიძლება, რაც სავსებით დასაშვებია დისპოზიციური ნორმის შემთხვევაში. საერთაშორისო სამართლის ნორმათა უმრავლებოსა დისპოზიციური ხასიათისაა, ხოლო იმპერატიული ქცევის წესები (პრინციპები და ნორმები) მთელი საერთაშორისო სამართლის სისტემის ხერხემალს შეადგენს.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9