ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო მითითებები ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების თაობაზე განმარტავს (პარ. 37-43), რომ კანონით ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება უფასო იურიდიულ დახმარებასა და საკუთარი სახელით წარმომადგენლობაზე. ბავშვთან მომუშავე ადვოკატები უნდა იყვნენ სპეციალიზებული ბავშვთა საკითხებზე და პროცესში წარმოადგენდნენ უშუალოდ ბავშვის მოსაზრებას, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია და განმარტება. რაც შეეხება წარმომადგენლობას, როდესაც ბავშვსა და მის მშობლებს შორის ინტერესთა კონფლიქტია, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა დაუნიშნოს მას საპროცესო წარმომადგენელი (გუარდიან ად ლიტემ) ან სხვა დამოუკიდებელი წარმომადგენელი. კანონით გარანტირებული უნდა იყოს ბავშვის უფლება წარმომადგენლობაზე, მშობლებისგან დამოუკიდებლად, განსაკუთრებით ისეთ პროცესში, როდესაც მშობლები სავარაუდო დამრღვევები არიან.
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (მუხლი 41) მიხედვით, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული და დაზარალებული სარგებლობენ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით თუ საქმეში არ მონაწილეობს ამ არასრულწლოვნის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). სისხლის სამართლის საქმისწარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს შეუძლია ისარგებლოს ამ უფლებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.