იდ იმ ინ ირ იუ იძ
იძუ

იძულებითი აღიარებისგან გათავისუფლება

ინგლ. Right not to be Compelled to give testimony or to Confess Guilt

„სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-14 (3) (ზ) მუხლის გათვალისწინებით, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია განმარტავს, რომ დაუშვებელია ბავშვზე განხორციელდეს ზეწოლა ბრალის აღიარების მიზნით. ეს უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს, რომ ბავშვის წამება, სასტიკი და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა აღიარების მოპოვების მიზნით, წარმოადგენს კონვენციის 37-ე (ა) მუხლით გათვალისწინებული უფლებების უხეშ დარღვევას და სრულიად მიუღებელია. ამგვარი საშუალებებით მიღებული ინფორმაცია ან აღიარება არ ჩაითვლება მტკიცებულებად (კონვენცია „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ“, მუხლი 15).

არსებობს უამრავი ნაკლებად ძალადობრივი საშუალება ბავშვისგან აღიარების მისაღებად. ტერმინს „იძულება“ აქვს ფართო მნიშვნელობა და ის არ უნდა იყოს განმარტებელი მხოლოდ როგორც ფიზიკური ზეწოლა ან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარის (№10 მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვის უფლებების შესახებ) მიხედვით, ბავშვის ასაკი, მისი განვითარების დონე, დაკითხვის ხანგრძლივობა, აღქმის უნარი, გაურკვეველი შედეგების შიში ან დაპატიმრების შესაძლო საფრთხე, ხშირად აიძულებს მას აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია. ეს საშიშროება კიდევ უფრო რეალურია, თუ მას ჰპირდებიან, მაგალითად, „როგორც კი სიმართლეს გვეტყვი, სახლში გაგიშვებთ“ ან როდესაც მას აიმედებენ შემსუბუქებული სასჯელით ან გათავისუფლებით.

დაკითხვაზე მყოფ ბავშვს უნდა შეეძლოს იურიდიული ან სხვა სახის შესაბამისი დახმარების გამოყენება. მას აგრეთვე, უფლება აქვს, მის დაკითხვას დაესწროს ერთ-ერთი ან ორივე მშობელი.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9