იძულებითი გაუჩინარება სიცოცხლის უფლების, ფიზიკური ხელშეუვალობის, სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და კანონის წინაშე აღიარების დარღვევის კომბინაციაა. აღნიშნული ზოგჯერ გამოწვეულია პირდაპირ ან არაპირდაპირ, სახელმწიფოს ქმედებით ან უმოქმედობით და იმ ფიზიკურ პირთა ან ადამიანთა ჯგუფის ქმედებით, რომლებიც ზოგჯერ მთავრობასთან შეთანხმებით მოქმედებენ. ბავშვის ამგვარი გაუჩინარებისგან დაცვა ბავშვის სხვა უფლებებთან კავშირში განიხილება, როგორიცაა შრომის ყველაზე უარესი ფორმებისგან დაცვის, ბავშვების სექსუალური ან სხვა ფორმის ექსპლოატაციისგან, ისე გაყიდვისა და ბავშვთა ტრეფიკინგისგან დაცვის უფლება. 1993 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ყველა პირის იძულებითი გაჩინარებისგან დაცვის დეკლარაცია მიიღო, სადაც აღნიშნა, რომ იძულებით გაუჩინარების ნებისმიერი აქტი ადამიანის ღირსების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. დეკლარაცია იმ ბავშვების მოტაცების პრევენციას მოიაზრებს, რომელთა მშობლები იძულებით გაუჩინარებას დაექვემდებარნენ და რომლებიც დედების იძულებითი გაუჩინარებისას დაიბადნენ.
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია იძულებით გაუჩინარებას პირდაპირ არ ეხება, თუმცა მისი დებულებები კრძალავს მოტაცებისას ძალადობის გამოყენებას ან ნებისმიერ მსგავს ქმედებას, რაც შედეგად გაუჩინარებას იწვევს. ამასთან, კონვენციის მე-9 მუხლი მშობლებისგან იძულებით განცალკავებას კრძალავს და ადგენს, რომ როდესაც ბავშვების მშობლებისგან განცალკევება „კონვენციის ხელშემკვრელი მხარის ინიცირებული რომელიმე ქმედებიდან გამომდინარეობს, როგორიცაა ბავშვის ერთი ან ორივე მშობლის დაკავება, პატიმრობა, გადასახლება, დეპორტაცია ან გარდაცვალება (მათ შორის, სახელმწიფოს მიერ პირის დაკავების პერიოდში ნებისმიერი მიზეზით), კონვენციის ხელშემკვრელმა ამ სახელმწიფომ მოთხოვნისამებრ მშობლებს, ბავშვს ან თუ საჭიროა, ოჯახის სხვა წევრს უნდა მიაწოდოს არსებითი ინფორმაცია გაუჩინარებული ოჯახის წევრების ადგილსამყოფელის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ ინფორმაციის მიწოდება ბავშვის კეთილდღეობას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. კონვენციის ხელშემკვრელმა მხარეებმა ასევე, უნდა უზრუნველყონ, რომ ამგვარი ინფორმაციის მოთხოვნის წარდგენამ თავად არ გამოიწვიოს შესაბამისი პირებისთვის უარყოფითი შედეგები“.