საერთაშორისო სამართალი მკაფიოდ კრძალავს მავნე ტრადიციული პრაქტიკის ყველა ფორმას და ავალდებულებს სახელმწიფოებს შესაბამისი ზომების მიღებას. მავნე პრაქტიკა ხშირად დაკავშირებულია ნაადრევ ან იძულებით ქორწინებასთან. თუმცა, ასევე მოიცავს სხვა ფორმებს, როგორიც არის ფიზიკური დასჯა და ქალის სასქესო ორგანოების დამახინჯება. ეროვნულ დონეზე ზოგჯერ, შეინიშნება მცდელობები, გაამართლონ მსგავსი პრაქტიკა ისტორიული ან კულტურული ფაქტორით.
ქალის სასქესო ორგანოების დამახინჯებას მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს სექსუალურ ცხოვრებაზე და მიზნად ისახავდეს სექსუალური ცხოვრების კონტროლს. ის შეიძლება მოიცავდეს სასქესო ორგანოს ნაწილობრივ ან მთლიან ამოკვეთას, სხვა სახის ტრავმის მიყენებას. ეს ყველაფერი როგორც წესი, ხორციელდება ტრადიციების და სოციალურ-რელიგიური ნორმების თანხვედრით, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად, მიიჩნევა საზიანო ქმედებად და წარმოადგენს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას. მავნე პრაქტიკის სხვა მაგალითებია: მკერდის გაბრტყელება, ქალიშვილობის შემოწმება, იძულებითი აბორტი, სტერილიზაცია სხვ.
1989 წლის „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის (CRC) 24-ე მუხლის მე3 პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ატარებენ ყოველგვარ ეფექტურ და აუცილებელ ზომებს იმ ტრადიციული პრაქტიკის აღმოფხვრისათვის, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ბავშვთა ჯანმრთელობაზე.
1999 წლის „ბავშვის უფლებათა და კეთილდღეობის შესახებ“ აფრიკული ქარტიის (ACRWC) 21-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ატარებენ ზომებს მავნე სოციალური და კულტურული პრაქტიკის გამოსარიცხად.
2000 წელს მიღებული „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის ფაკულტატური ოქმი „ბავშვთა ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ“ (OPSC) პრეამბულაში აღნიშნულია, რომ მავნე ტრადიციული პრაქტიკა არის ბავშვთა ვაჭრობის, პროსტიტუციის, ბავშვთა პორნოგრაფიის ხელშემწყობი ფაქტორი.
2011 წლის სტამბოლის კონვენციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ატარებენ ყველა საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რათა კონვენციის ფარგლებით მოცულ რომელიმე დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი საქმისწარმოებისას არ მოხდეს მსგავსი ქმედების გამართლება ტრადიციით, ადათ-წესებით, რელიგიით, ე. წ. „ღირსებით“.
2014 წლის ბავშვის უფლებათა კომიტეტის (CRC Committee) და ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW Committee) მიერ მიიღეს ერთობლივი ზოგადი კომენტარი 31 მავნე ტრადიციულ პრაქტიკაზე.