ოჯახი ბავშვის ჩვეული გარემოა, სადაც როგორც წესი, იგი ცხოვრობს და სადაც მისი უფლებების განხორციელება უნდა მოხდეს. ოჯახს, როგორც სტრუქტურულ ერთეულს, ისტორიული, სოციალური და პოლიტიკური განზომილებები აქვს. საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ოჯახი საზოგადოების ძირითადი ერთეული და ბავშვის კეთილდღეობისთვის ბუნებრივი გარემოა. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის თანახმად, ოჯახურ გარემოში ბავშვის უფლებების განხორციელებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ოჯახს აკისრია; თუმცა, კონვენცია სახელმწიფოს ვალდებულებასაც ითვალისწინებს, დაეხმაროს მშობლებს, როდესაც მათ დაკისრებული მოვალეობების შესრულება არ შეუძლიათ. შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ბავშვზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ოჯახს არ აკისრია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას პრობლემები აქვს. იმპერატიული საერთაშორისო სამართალი, განსაკუთრებით კი კონვენცია, რადიკალურ გადაწყვეტილებებს შორის ბალანსის დადგენასა და ოჯახის ტრადიციული სტრუქტურისა და ურთიერთობების გათვალისწინებას ცდილობს. თუმცა, საერთაშორისო სამართალი მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებას ან უგულებელყოფას გმობს, განსაკუთრებით, როდესაც ამას ბავშვისთვის ზიანი მოაქვს. ასევე, აღიარებულია სახელმწიფოს უფლება, ჩაერიოს ოჯახის საქმეებში სხვადასხვა ფორმით მშობლის უფლების ბოროტად გამოყენების ან უგულებელყოფის განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, ასეთ დროს სახელმწიფოს ბავშვის ოჯახური გარემოსგან განცალკევების უფლებამოსილებაც კი აქვს. თუ ბავშვს ოჯახი არ ჰყავს, სახელმწიფო ვალდებულია, მას ალტერნატიული ზრუნვა შესთავაზოს, რაც შესაძლოა, მიმღებ ოჯახს, გაშვილებას ან შესაბამის დაწესებულებაში განთავსებას გულისხმობდეს. სახელმწიფო ვალდებულია, ალტერნატიული ზრუნვის ამ ფორმების სისტემატური გადახედვა აწარმოოს. საერთაშორისო სამართალი ასევე აწესრიგებს ბავშვის გაშვილებას სხვა სახელმწიფოში, თუმცა ბავშვის კულტურისა და იდენტობის შენარჩუნების მიზნით, პრიორიტეტი ქვეყნის შიგნით გაშვილებას ენიჭება.
საერთაშორისო სამართალი იცნობს ბავშვის განმარტებას, თუმცა არ არსებობს ოჯახის ზუსტი და ცალსახა განმარტება, აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ ოჯახი არის ცვალებადი ცნება, რომელიც ისტორიულ, სოციოლოგიურ, ეკონომიკურ, მორალურ და სამართლებრივ ფაქტორებზეა დამოკიდებული. ოჯახში ან ოჯახთან ურთიერთობების აღსანიშნავად, საერთაშორისო სამართალში რამდენიმე ტერმინი გვხვდება: ოჯახი, ოჯახური ცხოვრება და ოჯახური გარემო. ტერმინი „ოჯახი“ თითქმის ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ხელშეკრულებაშია გამოყენებული. ფრაზა „ოჯახური ცხოვრება“ გვხვდება ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპულ კონვენციაში; თუმცა, ამ უკანასკნელის მე-8 მუხლი არა თავად ოჯახს, არამედ ოჯახური ცხოვრების უფლებას იცავს. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციასა და „ბავშვის უფლებებისა და კეთილდღეობის შესახებ“ აფრიკულ ქარტიაში ტერმინი „ოჯახური გარემო“ გამოიყენება. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ინსტრუქცია ბავშვის ალტერნატიული ზრუნვის შესახებ, ოჯახს განმარტავს, როგორც „საზოგადოების ძირითად ერთეულს და ბავშვის აღზრდისთვის, კეთილდღეობისა და დაცვისთვის ბუნებრივ გარემოს“. მართალია, რეზოლუცია სავალდებულო ხასიათის დოკუმენტი არ არის, თუმცა გაერო მოუწოდებს სახელმწიფოებს, „ინსტრუქცია მხედველობაში მიიღონ და იგი შესაბამის აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოებს, ადამიანის უფლებების დამცველებსა და იურისტებს, მედიასა და მთლიანად საზოგადოებას გააცნონ“. რეზოლუცია ძირითადად, ბავშვზე ალტერნატიულ ზრუნვას ეხება, თუმცა, მისი მთავარი მიზანი ოჯახური ცხოვრების ხელშეწყობა და ბავშვის ოჯახისგან განცალკევების აღკვეთაა.
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის შემდეგ მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულებები ოჯახსა და მის განმარტებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. მაგალითად, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციის შესაბამისად, თუ უნარშეზღუდული ბავშვის უშუალო ოჯახს მისი მოვლის ძალა არ შესწევს, 23 (5)-ე მუხლი სახელმწიფოს ბავშვისავე გაფართოებული ოჯახის ან საზოგადოების ფარგლებში, მაგრამ ოჯახურ გარემოში, ალტერნატიული ზრუნვის უზრუნველსაყოფად ყველა ღონისძიების გატარების ვალდებულებას აკისრებს.
განსხვავებული ოჯახური სტრუქტურები და ბავშვებთან განსხვავებული ურთიერთობები ბავშვის დაცვის საკითხის საერთაშორისო დონეზე ერთგვაროვან გადაწყვეტას ართულებს. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლთან მიმართებით, ადამიანის უფლებების კომიტეტმა აღნიშნა, რომ ტერმინი „ოჯახი“ საკმარისად ფართოდ უნდა განიმარტოს, რათა მოიცვას „ყველა ის ადამიანი, რომელიც შესაბამისი სახელმწიფოს საზოგადოების აღქმაში ოჯახის წევრს წარმოადგენს“.
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ „ოჯახური ცხოვრება არა მხოლოდ მშობლებს, არამედ ახლო ნათესავებსაც მოიცავს, როგორიცაა ბებია და პაპა“. (იხ. საქმე მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, Marcx v. Belgium, Series A, N31, ECHR1979)
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-18 მუხლი ადგენს, რომ ბავშვის აღზრდა და განვითარება ორივე მშობლის ერთობლივი პასუხისმგებლობაა. კერძოდ, „ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს ეკისრება“, ხოლო ხელშემკვრელი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, ორივე მშობლის ერთობლივი პასუხისმგებლობის აღიარებისთვის ყველა ღონე იხმარონ.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით (მუხლი 30), ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.