ბავშვის ოჯახისგან დროებით ან მუდმივად განცალკევებისას, ამგვარი განცალკევების მიზეზის მიუხედავად, მას სპეციალური დაცვა ესაჭიროება. დაცვის ღონისძიებების გამოყენება კონკრეტულ სიტუაციაში, უპირველეს ყოვლისა, საქმის გარემოებებზეა დამოკიდებული. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-20 მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფოების ვალებულებას, სათანადო დახმარება გაუწიონ საკუთარ ოჯახურ გარემოცვას მოშორებულ ბავშვს და ალტერნატიული ზრუნვის ოთხ საშუალებას ითვალისწინებს; თუმცა, სახელმწიფოს უფლება აქვს, გამოიყენოს სხვა ფორმებიც, ასეთებია: აღსაზრდელად გადაცემა, შვილად აყვანა ან ბავშვთა მოვლის შესაბამის დაწესებულებებში მოთავსება. ალტერნატიული ზრუნვის ფორმის არჩევისას, სახელმწიფომ მხედველობაში უნდა მიიღოს ბავშვის აღზრდის გაგრძელების აუცილებლობა, ასევე მისი ეთნიკური, კულტურული და ლინგვისტური კუთვნილება. კონვენციის მე-9 მუხლისგან განსხვავებით, რომელიც მშობლებისგან განცალკევებას შეეხება, მე-20 მუხლი ოჯახზე მიუთითებს. ეს განსხვავება ძალზედ მნიშვნელოვანია და განამტკიცებს მოსაზრებას, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, უპირატესობა ბავშვის ფართო (სრულყოფილ) ოჯახში დატოვებას უნდა მიენიჭოს, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციის 23-ე მუხლის თანახმად: „თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის უშუალო ოჯახს მასზე ზრუნვა არ შეუძლია, კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები მისთვის გაფართოებულ ოჯახში ალტერნატიული ზრუნვის ან თუ ეს შეუძლებელია, ოჯახური გარემოს მსგავს გარემოში ზრუნვის შეთავაზებისთვის ყველა ღონეს იხმარენ“. ბავშვის უფლებათა კომიტეტის თითქმის ყველა ზოგადი კომენტარი ეხება ოჯახურ ზრუნვას მოკლებული ბავშვის განთავსების ან მასთან მოპყრობის რომელიმე ასპექტს. მაგალითად, №3 ზოგად კომენტარში, რომელიც აივ/შიდსის ვირუსსა და ბავშვის უფლებებს შეეხება, ბავშვის ინსტიტუციაში განთავსებისა და მკურნალობის თაობაზე წუხილს გამოთქვამს. დაობლებულ ბავშვებთან დაკავშირებით, აღნიშნული დოკუმენტი აცხადებს, რომ “ობოლი ბავშვის საუკეთესო დაცვა ხდება ნათესავების ან ოჯახის წევრების, გაფართოებული ოჯახის, ოჯახური ტიპის ალტერნატიული ზრუნვის, მაგალითად, მიმღებ ოჯახში ზრუნვისას. კომიტეტი აღნიშნავს, რომ დაწესებულებაში ბავშვზე ზრუნვამ შესაძლოა, მასზე უარყოფითი გავლენა იქონიოს; შესაბამისად, ამგვარ დაწესებულებებში ზრუნვის სპეციფიკური სტანდარტებისა და სამართლებრივი დაცვის გარანტიების უზრუნველსაყოფად მკაცრი ღონისძიებების გატარებაა საჭირო. ზოგადი კომენტარი №4 (არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის შესახებ) შეეხება მსგავს დაწესებულებებში ბავშვის მიმართ ძალადობას და აღნიშნავს, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვის „განთავსება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აუცილებლობის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მისი საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპის საფუძველზე“ და „პაციენტს [ბავშვის უფლებების შესახებ] კონვენციით გათვალისწინებული ყველა უფლებით, მათ შორის, განათლებასა და სარეკრეაციო საქმიანობაზე ხელმისაწვდომობის უფლებით, სარგებლობისთვის ხელი მაქსიმალურად უნდა შეუწყონ“.
2009 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ბავშვზე ალტერნატიული ზრუნვის შესახებ ინსტრუქციას მხარდაჭერა გამოუცხადა. ინსტრუქციის მიზანი ბავშვის უფლებების კონვენციისა და ადამიანის უფლებების შესახებ სხვა საერთაშორისო და რეგიონული ხელშეკრულებების შესრულების ხელშეწყობაა ალტერნატიული ზრუნვის საჭიროების მქონე ან რისკჯგუფში მყოფი ბავშვების დასაცავად და მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმას, რომ ბავშვები საჭიროების გარეშე ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებებში არ განათავსონ და ოჯახის მიღმა ბავშვზე ზრუნვა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვით განხორციელდეს.