პა პე პი პო პრ პუ
პრე პრო

პრეცედენტული სამართალი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

ინგლ. Case Law Europian Court of Human Rights

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომლებიც განმარტავენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებსა და თავისუფლებებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა მხოლოდ სასამართლო დავაში მონაწილე სახელმწიფოებისათვის. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოები, რომლებიც არ არიან კონკრეტული პროცესის მხარეები, ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს იყენებენ პრაგმატული მოსაზრებით. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ასევე ეროვნული სასამართლოები, პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, როგორც კონვენციის საზედამხედველო ორგანო, ახდენს ევროპული კონვენციის დებულებათა ავტორიტეტულ განმარტებას. ეს განაპირობებს სახელმწიფოების, ამასთან ეროვნული სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებების (პრეცენდენტების) გამოყენებას, რომლებიც ეხება კონვენციის სხვა მონაწილე სახელმწიფოებს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული

სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ საქმეზე, ის ამ გადაწყვეტილების (პრეცედენტის) მეშვეობით განმარტავს კონვენციით გათვალისწინებულ უფლებათა და თავისუფლებთა შინაარსს. კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებით, ევროპული სასამართლო ადგენს სტანდარტს, რომლის მნიშვნელობა სცილდება კონკრეტულ საქმეს. ევროპული სასამართლოს განმარტებით, რაც აისახება პრეცედენტულ სამართალში, ევროპული სასამართლო ახორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების დადგენის ფუნქციას. ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების დადგენის ფუნქციაზე ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში.ევროპული სასამართლოები აცნობიერებენ, რომ ევროპული სასამართლოს პრაქტიკის, მისი პრეცედენტული სამართლის გაანალიზების გარეშე, ძალზე რთულია კონვენციით გათვალისწინებული უფლებების შინაარსის სწორად დადგენა და, შესაბამისად, კონვენციის დებულებათა სწორად გამოყენება. კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმირებული. კონვენციით გათვალისწინებული დებულებების შინაარსი გამოიხტება ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში. ევროპული სასამართლოს პრეცედენტებში, კონკრეტულ გადაწყვეტილებებში ზუსტდება კონვენციის (და მისი ოქმების) დებულებათა შინაარსი და ფარგლები. კონვენციის დებულებათა განმარტება, ევროპულ სასამართლოს პს-ის გათვალისწინებით, ნათელს ჰფენს კონვენციით განმტკიცებულ ვალდებულებათა შინაარსსა და ფარგლებს, რაც ხშირად პირდაპირ არ ჩანს კონვენციის ტექსტის გაცნობის შედეგად.

იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი აზუსტებს კონვენციის ცალკეულ დებულებათა შინაარსსა და ფარგლებს, ისევე როგორც გამოყენების სფეროს, ევროპულ სახელმწიფოთა ეროვნული სასამართლოები არ განიხილავს ადამიანის უფლებთა ევროპულ კონვენციას ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გარეშე. ევროპული კონვენციის ადამიანის უფლებათა სტანდარტები არ განისაზღვრება მხოლოდ კონვენციის ტექსტით. ისინი დადგენილია როგორც კონვენციის ტექსტით, ისე მის საფუძველზე მიღებული პრეცედენტული სამართლით. სხვა სიტყვებით, ევროპული კონვენციის ადამიანის უფლებათა სტანდარტებში მოიაზრება არა მხოლოდ თავად კონვენციის ტექსტით გათვალისწინებული სტანდარტები, არამედ ასევე, ევროპული სასამართლოს პრეცენდენტებით ჩამოყალიბებული სტანდარტები. საქართველოს როგორც საერთო, ისე საკონსტიტუციო სასამართლოები, მზარდი ინტესივობით იყენებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

წყარო: ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი/ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინა კვაჭაძე;ავტორები: ნათია ჯუღელი, ქეთევან ჩიგოგიძე; რედაქტორი ნინო ძიძიგური;საქართველოს უზენაესი სასამართლო, კვლევისა და ანალიზის ცენტრი. თბილისი, 2019
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9