- საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილი ტერმინი, რომლითაც აღინიშნება სარეკომენდაციო ხასიათის ნორმები. რს-ის ნორმები განსაზღრავს არა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს, არამედ თანამშრომლობის საერთო მიმართულებას და საჭიროებს მომავალში დაკონკრეტებას ან განსაკუთრებულ იმპლემენტაციას.
როგორც წესი, რბილი სამართლის ნორმებს განეკუთვნება საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებები, რომლებიც პოლიტიკური და მორალური ხასიათისაა, მათ საფუძველზე მომავალში შეიძლება შეიქმნას სავალდებულო ხასიათის ნორმები, რომლებითაც ხდება ახალი ქცევის წესების ჩამოყალიბება. მართალია, რბილი სამართლის ნორმები მიეკუთვნება საერთაშორისო სამართლის დამხმარე წყაროებს, მაგრამ სამართალგამოყენებითი პრაქტიკა ფართოდ იყენებს მათ.
სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტები სხვადასხვა დასახელებით გვხვდება. ეს შეიძლება იყოს: რეზოლუცია (როგორც ცნობილია გაეროს წესდების მე10 მუხლის მიხედვით, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე შიდასაორგანიზაციო და საბიუჯეტო-საფინანსო საკითხებს ეხება); დეკლარაცია, რომლითაც დგინდება ქცევის ახალი წესი (მაგალითად, გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაცია ახალი ეკონომიკური მართლწესრიგის დადგენის შესახებ); სპეციალური საერთაშორისოსამართლებრივი რეგულირების სფეროში სახელმწიფოთა ქცევის კოდექსი, სახელმწიფოთა თანამშრომლობის კონკრეტული სფეროს განვითარების პროგრამები.
რბილი სამართლის ნორმების შესრულებას დიდი ყურადღება ექცევა ეკონომიკური ხასიათის ორგანიზაციებში (მსოფლიო სავალუტო ფონდი და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია). ასეთი ტიპის ორგანიზაციებში რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, როგორც წესი, გამოიყენება სანქცია წევრი სახელმწიფოს მიმართ არა რეკომენდაციას შეუსრულებლობის, არამედ წესების საფუძველზე აღებული ვალდებულებების დარღვევისათვის.