სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან (მზრუნველთან) საცხოვრებლად დაბრუნება. სოციალური დახმარების შესახებ კანონის თანახმად, ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს რეინტეგრაციის შემწეობა. რეინტეგრაციის შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვეს (მზრუნველს), რომელიც ამ პირს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას. რეინტეგრაციის მიზნით, არაფულადი სოციალური დახმარება შეიძლება გაეწიოს აგრეთვე, ბავშვს ან/და მის ოჯახს, როდესაც ოჯახში არსებული მდგომარეობა ბავშვის მზრუნველობამოკლებულად ცნობის დასაბუთებული წინაპირობაა ან მზრუნველობამოკლებულ ბავშვს მისი ოჯახურ გარემოში ცხოვრების უზრუნველსაყოფად.
რეინტეგრაციის შემწეობის მიღებისას, ბიოლოგიური ოჯახის მოვალეობები განისაზღვრება სახელმწიფოსა და ბიოლოგიურ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზედაც, ეს ოჯახი იღებს ვალდებულებას, დაიცვას ბავშვის უფლებები და გაუწიოს მას სათანადო მზრუნველობა. რეინტეგრაციის შემწეობის მიღებისას, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ბიოლოგიური ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში კარგავს ამ კანონით განსაზღვრული ფულადი სოციალური დახმარების მიღების უფლებას, ხოლო რეინტეგრირებული ბავშვის საკითხი წყდება ბავშვის ინტერესების უპირატესი დაცვით.