ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენისას, რეფერირებაში ჩართული ყველა სუბიექტი ვალდებულია ადგილზე გაანალიზოს შემთხვევა და რეაგირება მოახდინოს. ბავშვზე ძალადობის ეჭვის წყარო შეიძლება იყოს: ბავშვზე სხეულის დაზიანების ნიშნების არსებობა (სილურჯეები, ახალი ჭრილობები, ახალი ნაკაწრები, ახალი იარები, გაძნელებული სიარული, სხეულის შეშუპებული ნაწილები, მოტეხილობები); ბავშვის საეჭვო ქცევა (ბავშვი აღგზნებულია, დათრგუნულია, აქვს შიშები, არ უნდა სკოლაში სიარული, არარეგულარულად დადის სკოლაში, არ სწავლობს, მოუვლელია, არ უნდა სახლში დაბრუნება, ასაკის შეუფერებლად სექსუალურია, აქვს სექსის შესახებ ასაკისათვის შეუფერებელი ცოდნა, რადიკალურად შეეცვლა ხასიათი, ვერ ხსნის ტრავმის მიზეზებს).
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) სისტემა მოიცავს: ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოვლენას, ბავშვის მდგომარეობის შეფასებას, ბავშვზე ძალადობის შემთხვევის შესახებ შესაბამისი ორგანოების ინფორმირებას, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის განცალკევებასა და განთავსებას უსაფრთხო გარემოში და ძალადობის შემთხვევაზე ზედამხედველობას.
აღნიშნულ საკითხს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილება „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“.