ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლმა განამტკიცა ეს უფლება ერთი მნიშვნელოვანი დამატებითი მოთხოვნით: იგი ითვალისწინებს უფლებას ცხოვრების პირობების განგრძობად გაუმჯობესებაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი შეიცავს ასევე, მნიშვნელოვან დებულებას - წევრი სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის ძირითად უფლებას - არ განიცდიდეს შიმშილს.
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ბავშვის საცხოვრებელი პირობები უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ, სათანადო; ისინი ხელსაყრელი უნდა იყოს ბავშვის სრული და ჰარმონიული განვითარებისთვის. აქ საუბარია არა მხოლოდ მატერიალურ სიკეთეებზე (საცხოვრებელი ადგილი, საკვები და ტანსაცმელი), არამედ იგულისხმება ბავშვის ფსიქოლოგიური და სოციალური განვითარებაც, რაც პირდაპირ კავშირშია „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 31-ე მუხლთან. ბავშვის სათანადო საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პირველადი ვალდებულება აკისრიათ მშობლებს ან მასზე პასუხისმგებელ სხვა პირებს. აღნიშნული გამომდინარეობს კონვენციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული მშობლების ზოგადი ვალდებულებიდან, აღზარდონ და განავითარონ შვილები, და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს ოჯახურ ცხოვრებაში გაუმართლებელი ჩარევისგან. თუმცა, მე-2 პუნქტი აღიარებს არსებულ სინამდვილეს, რომ პასუხისმგებელი პირების ფინანსური მდგომარეობა ხშირად ზღუდავს მათ შესაძლებლობას, სათანადოდ მოუარონ საკუთარ შვილებს. შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოებს აკისრიათ მეორადი, კომპლემენტარული ვალდებულება, რომ უზრუნველყონ ბავშვებისთვის სათანადო საცხოვრებელი პირობები. ეს სახელმწიფოს ზოგადი ვალდებულების - სათანადო დახმარება გაუწიონ მშობლებსა და კანონიერ მეურვეებს მათი მოვალეობის შესრულებაში, აღზარდონ ბავშვი, კონკრეტული გამოხატულებაა.