ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს ან სხვა სუბიექტების შეთანხმება უფლებათა და ვალდებულებათა ჩამოყალიბების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ასეთ შეთანხმებას შეიძლება ეწოდოს კონვენცია, პაქტი, ოქმი, ხელშეკრულება, შეთანხმება და სხვ. მაგრამ მიუხედავად სახელწოდებისა, მათი იურიდიული ძალა თანაბარია. საერთაშორისო ჩვეულებისგან განსხვავებით, ხელშეკრულებას წერილობითი ფორმა აქვს და მკაფიოდ ასახავს მხარეთა პოზიციას. საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს „თვითშესრულებადი“ და „არათვითშესრულებადი“ ნორმები. „თვითშესრულებად“ ნორმად ითვლება ისეთი ნორმა, რომლის შინაარსი იმდენად კონკრეტულად არის ფორმულირებული, რომ შესაძლებელია იგი უშუალოდ გამოიყენოს სასამართლომ ან სხვა ორგანომ. „არათვითშესრულებადია“ ნორმა, რომლის გამოსაყენებლად სასამართლოს ან სხვა ორგანოს დასჭირდება სახელმწიფოსგან მიიღოს დამაზუსტებელი ნორმატიული აქტი. „თვითშესრულებადი“ და “არათვითშესრულებადი“ ნორმების საკითხი დგება მხოლოდ იმ სახელმწიფოებში, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებას შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ნაწილად აღიარებენ. ამასთან, ეს სახელმწიფოები თავად განსაზღვრავენ იმ კრიტერიუმებს, რომელთა მეშვეობით დგინდება, საერთაშორისო ხელშეკრულების რომელი ნორმაა „თვითშესრულებადი“, ხოლო რომელი - „არათვითშესრულებადი“.საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილია. საერთაშორისო ხელშეკრულება მისი ძალაში შესვლის მომენტიდან ხდება შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ნაწილი, რომელიც შეიძლება უშუალოდ იქნას გამოყენებული როგორც ქვეყნის სამართლის წყარო, თუ მისი დებულებები საამისოდ საკმარისად კონკრეტულია.