სახელის ქონისა და დაბადებისას რეგისტრაციის უფლება ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაში გათვალისწინებული არ არის. თუმცა, იგი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის 24 (3) მუხლშია მოცემული: „ყველა ბავშვი დაბადებისთანავე უნდა დარეგისტრირდეს და სახელი უნდა ჰქონდეს“. მიგრანტი მუშებისა და მათი ოჯახის წევრთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად: „მიგრანტი მუშის ყველა შვილს უნდა ჰქონდეს სახელის, დაბადებისას რეგისტრაციისა და მოაქალაქეობის უფლება“. „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-18 (2) მუხლშია მოცემული, რომლის თანახმად: „შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვები დაბადებისთანავე უნდა დარეგისტრირდნენ და მათ დაბადებიდანვე უნდა ჰქონდეთ სახელის ქონის უფლება, მოქალაქეობის შეძენის უფლება, და შესაძლებლობების ფარგლებში, უფლება, იცოდნენ, ვინ არიან მათი მშობლები და მათ მზრუნველობაში ყოფნის უფლება“. მრავალი საერთაშორისო დოკუმენტი ადგენს სახელის ქონისა და დაბადების რეგისტრაციის უფლებას, ისე როგორც სახელმწიფოთა ვალდებულებას, რომ ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა შექმნან. მაგალითად, ადამიანის უფლებათა კომიტეტის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის ზოგადი კომენტარის №17 (24-ე მუხლი) მიხედვით: „ბავშვის დაბადების რეგისტრაციის ვალდებულების მთავარი მიზანი ბავშვების მოტაცების, გაყიდვის, ტრეფიკინგის ან პაქტით გარანტირებული სხვა უფლების განხორციელებასთან შეუსაბამო სხვაგვარი მოპყრობის საფრთხის შემცირებაა. პაქტის ხელშემკვრელი სახელმწიფოების ანგარიშებში დეტალურად უნდა იყოს მითითებული ის ღონისძიებები, რომლებიც მათ ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვების დაუყონებლივ რეგისტრაციას უზრუნველყოფს.“
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-7 მუხლის მიხედვით, ბავშვი რეგისტრირდება დაბადებისთანავე და დაბადების მომენტიდან აქვს სახელისა და მოქალაქეობის მოპოვების უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (მუხლი 17) მიხედვით, ყველა ფიზიკურ პირს აქვს სახელის უფლება, რაც მოიცავს სახელსა და გვარს. სახელის შეცვლა დასაშვებია. ამისთვის საჭიროა პირის დასაბუთებული განცხადება, რომელიც დადგენილი წესით უნდა განიხილოს სათანადო ორგანომ. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად (მუხლი 32), საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. არასრულწლოვანი პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან მოქალაქეობის შეცვლის საკითხს არეგულირებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი.